კახოვკის ჰესის აფეთქებისა და უკრაინის სანაპირო ზოლის დაბინძურების გამო შავი ზღვის აუზის ქვეყნები წყლის მონიტორინგის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდნენ. მათ რიგებშია საქართველოც, რომელიც შავ ზღვაში წყლის სინჯებს, გეგმური ერთთვიანი შუალედის ნაცვლად, 10 დღეში ერთხელ განახორციელებს. წყლის ხარისხის მონიტორინგი 9 სადგურის მიერ საქართველოს სანაპირო ზოლის სხვადასხვა მონაკვეთში ჩატარდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები შავ ზღვაში წყლის სინჯებს სანაპიროდან 50 მეტრის რადიუსში იღებენ, იმ არეალში, რომელშიც დამსვენებლებისთვის ბანაობაა დაშვებული. ზღვის წყალი მოწმდება ქიმიურ და ბიოგენურ ელემენტებზე, ასევე, სპეციალისტები მონიტორინგს უწევენ ზღვის წყლის მარილიანობის დონესაც. ისინი ირწმუნებიან, რომ ამ ეტაპზე, საქართველოს შავი ზღვის სანაპირო დამსვენებლებისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა და წყალში არანაირი მომწამვლელი ნივთიერება აღმოჩენილი არ არის.
კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დაზიანების შემდეგ, მავნე ნივთიერებები შავ ზღვაში ჩაიღვარა, რის გამოც ეკოლოგები და გარემოსდამცველები მოსალოდნელ რისკებზე საუბრობენ. გაძლიერდა კონტროლი რუმინეთში, ბულგარეთსა და მეზობელ თურქეთში.