გამომძიებელი ცრუ ინფორმაციისა და ჩვენების გამო განსასჯელთა სკამზე აღმოჩნდა. სერგო შუბითიძემ რამდენიმე თვის წინ საზოგადოებას ერთ-ერთი ტელეარხის საშუალებით არწმუნებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიებამ ფაქტები გააყალბა და სიმართლე დამალა. ყოფილი გამომძიებელი საჯაროდ და მოსამართლის წინაშეც ამტკიცებდა, რომ 23 წლის პროგრამისტის მობილური დალუქული არ იყო და შიგნით არსებული ინფორმაცია სპეციალურად წაშალეს. გამომძიებელი, რომელიც ირწმუნებოდა, რომ თავად ხელმძღვანელობდა საგამოძიებო მოქმედებებს, სიცრუეში მისმა კოლეგებმა ამხილეს.
აღმოჩნდა, რომ სერგო შუბითიძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიების დაწყების დროს თეთრიწყაროს სამმართველოში საერთოდ არ მუშაობდა. ტყუილი აღმოჩნდა ისიც, რომ მან საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და ოქმებს ხელი თავად მოაწერა. მას შემდეგ, რაც სერგო შუბითიძე განსასჯელთა სკამზე აღმოჩნდა, საზოგადოებას საკუთარი აღიარება ადვოკატის პირით გადასცა.
სერგო შუბითიძის ადვოკატის ნათქვამმა დაადასტურა რომ ყოფილმა გამომძიებელმა სასამართლოს წინაშე ცრუ ჩვენება მისცა და ამით მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი შეუშალა. ეს დაკავებულმა მაშინ აღიარა, როდესაც დროებითი მოთავსების იზოლატორში, გამომძიებლებმა ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. შუბითიძის აღიარების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს მისმა ინტერესების დამცველმა მიაწოდა.
სერგო შუბითიძემ დაადასტურა, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის მობილურ ტელეფონზე მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორი იყო. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, პირადი ნივთი არა თამარ ბაჩალიაშვილს, არამედ სხვა პირს ეკუთვნოდა და მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეეშალა.
დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსულ ადვოკატს კონკრეტულ დეტალებზე აღარ უსაუბრია, თავად სერგო შუბითიძის მოთხოვნით. დარეჯან ბუცხრიკიძეს არც იმ მტკიცებულებებზე გაუმახვილებია ყურადღება, რის საფუძველზეც, ცრუ ჩვენების ბრალდების, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დააკავეს.
კონკრეტულ მტკიცებულებებზე ინფორმაცია გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა. ვრცელ განცხადებაში წერია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე, სერგო შუბითიძის მიერ საჯაროდ და სასამართლოს წინაშე დასახელებული არცერთი გარემოება სიმართლეს არ შეესაბამება. ერთ-ერთი დეტალი ახალგაზრდა პროგრამისტის მობილურის ამოღებაა. ყოფილი გამომძიებელი ირწმუნებოდა, რომ ნივთი დაულუქავი იყო და ინფორმაცია წაშლილი, საპირისპირო მტკიცებულებები აქვს საგამოძიებო უწყებას და განმარტავენ, რომ პროგრამისტის ტელეფონი შემთხვევის ადგილზე დაილუქა, რასაც საგამოძიებო მოქმედებების დროს გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალაც ადასტურებს. გაირკვა, რომ შუბითიძე ცრუობდა, როდესაც ამბობდა, რომ 23 წლის გოგოს ცხედრის პოვნის შემდეგ, საქმეს თავად ხელმძღვანელობდა. გამოძიება 2020 წლის 19 ივლისს, დაიწყო,ამ პერიოდში კი ბრალდებული თეთრიწყაროს სამმართველოში საერთოდ არ მუშაობდა. პროკურატურის განცხადების მიხედვით, ყოფილმა გამომძიებელმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა მაშინაც, როდესაც თქვა, რომ გამოკითხვის ოქმები მან შეადგინა. დადგინდა, რომ არცერთ ნახსენებ დოკუმენტს, შუბითიძის ხელმოწერა არ აქვს.