24 ივნისის ე.წ "სამართლიანობის მარში" არა ამბოხი, არამედ, პროტესტი იყო. ევგენი პრიგოჟინი მოსკოვზე შეუმდგარი ლაშქრობის მიზეზებს 11-წუთიან აუდიომიმართვაში განმარტავს. "ვაგნერის" დაქირავებულ მებრძოლთა ლიდერი ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლება 1 ივლისს მისი დაჯგუფების დაშლას გეგმავდა, რამაც მებრძოლების უკმაყოფილება გამოიწვია. მაგრამ, ამის მიუხედავად, შემდეგ განვითარებული მოვლენების საბოლოო მიზანი ხელისუფლების ცვლილებას არ წარმოადგენდა, ამბობს პრიგოჟინი, რომელმაც, პუტინის შეცვლასთან დაკავშირებით,, 2 დღის წინ, სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადება, დიდი ალბათობით, დაივიწყა.
"მარში დავიწყეთ უსამართლობის გამო. მიწაზე არც ერთი ჯარისკაცი არ მოგვიკლავს. საფრენ აპარატებს კი მხოლოდ საპასუხო ცეცხლი გავუხსენით. მოსკოვამდე მხოლოდ 200 კილომეტრი გვაშორებდა. სრულად დავიკავეთ ქალაქი როსტოვი. ვაჩვენეთ მასტერკლასი, თუ როგორი უნდა ყოფილი 24 თებერვლის სპეცოპერაცია კიევის წინააღმდეგ, რომლის დასრულებაც ერთ დღე-ღამეში იყო შესაძლებელი. ჩვენი მიზანი არ იყო ხელისუფლების დამხობა. ეს იყო პროტესტი. ჩვენი ორგანიზებულობის და ბრძოლისუნარიანობის დემონსტრირება. მოვტრიალდით მხოლოდ იმიტომ, რომ რუსი ჯარისკაცების სისხლი არ დაღვრილიყო", - აცხადებს პრიგოჟინი.
"ვაგნერის" ლიდერს არ დაუკონკრეტებია მისი ადგილსამყოფელი. მედიაში გავრცელებული, მაგრამ დაუდასტურებელი ცნობით, ის მინსკის ერთ-ერთ სასტუმროში ნახეს. კრემლთან დადებული შეთანხმების მიხედვით, პრიგოჟინი სწორედ ბელარუსში უნდა წასულიყო, სადაც მისი ოჯახი და სოლიდური ქონებაა - 6 მილიონად შეფასებული 6 საძინებლიანი იახტა, კერძო თვითმფრინავი და 100 მილიონი დოლარის ღირებულების ვილა. ქონება და აქტივები დატოვა რუსეთშიც, სადაც მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება, დაპირების მიუხედავად, არ შეწყვეტილა.
პრიგოჟინის უკმაყოფილების მთავარი მიზეზი, სერგეი შოიგუ კი ტელეეკრანებზე დღეს პირველად გამოჩნდა. თავდაცვის მინისტრი "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ზონაში - ამ სათაურით ვიდეომასალა მისმა უწყებამ გაავრცელა. რუსეთში მომხდარი სამხედრო ამბოხის შემდეგ, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი კრემლმა ამ ფორმით გამოაჩინა.
გამოჩნდა ლავროვიც. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პრიგოჟინზე ბევრი არ უსაუბრია. მან პრესკონფერენციის უდიდესი ნაწილი კვლავ დასავლეთის კრიტიკას დაუთმო.
პუტინი კი, რომელმაც მის წინააღმდეგ ამხედრებულ ყოფილ მზარეულს უსაფრთხოების და ხელშეუხებლობის გარანტიები მისცა, 24 ივნისის შემდეგ ისევ არ ჩანს. მედიის ინფორმაციით, ე.წ "წითელი ღილაკით" აღჭურვილი საპრეზიდენტო ბორტი, რომელმაც ამბოხის დღეს გეზი სანკტ-პეტერბურგისკენ აიღო, მოსკოვში მხოლოდ დღეს დილით დაბრუნდა. ამას დედაქალაქში ანტიტერორისტული რეჟიმის გაუქმებაც მოჰყვა. ლიდერის გაქცევას კატეგორიულად უარყოფს რუსეთის პრემიერი.
რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე, რომელიც პრიგოჟინის ე.წ "სამართლიანობის მარშს" მოჰყვა, საუბრობენ დასავლელი ლიდერები. დიდი ბრიტანეთის პრემიერი ამბობს, რომ ნებისმიერი სცენარისთვის მზადყოფნა აუცილებელია. ნატოს საზღვრების გაძლიერებას ითხოვს ლიეტუვას პრეზიდენტი.
პუტინის რეჟიმის ეფექტურობას "ვაგნერის" მეთაურმა გამოცდა 24 ივნისს მოუწყო. მისმა დაჯგუფებამ, ფაქტობრივად, შეტაკებების გარეშე დაიკავა როსტოვი, ვორონეჟი და მოსკოვის მიმართულებით დაიძრა. გზაზე რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან შეტაკებების დროს დანაკარგი ორივე მხარემ განიცადა. პრიგოჟინის შესაჩერებლად, კრემლმა ავტომაგისტრალების ჩახერგვა დასუფთავების სერვისის მანქანებითაც სცადა, თუმცა უშედეგოდ. დაქირავებული მებრძოლების შეჩერების გადაწყვეტილება პუტინის დაფინანსებით შექმნილი "ვაგნერის" ლიდერმა მხოლოდ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო.