26 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
ოპოზიციის დიდ ნაწილს, მმართველი პარტიის ლიდერები პრიგოჟინის გულშემატკივრობაში ადანაშაულებენ - რა არგუმენტები აქვთ ოპონენტებს

ქართული ოპოზიციის დიდ ნაწილს მმართველი პარტიის ლიდერები დაჯგუფება ვაგნერის დამფუძნებლის გულშემატკივრობაში ადანაშაულებენ. საუბარია ერთდღიან სამხედრო ამბოხზე, რომელიც დაქირავებული მებრძოლების ლიდერმა, რუსეთის ქალაქ როსტოვიდან წამოიწყო და თითქმის მოსკოვამდე მივიდა. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ ოპონენტებმა მოსახლეობაში შიშის დათესვა და მეორე ფრონტის გახსნის ღია მოწოდებები ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს, როდესაც ოკუპანტ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მსოფლიო მოთმინებით აკვირდებოდა.

მოწოდებები რუსეთთან საზღვრის დაკეტვის შესახებ, საუბარი უშიშროების საბჭოს შეკრებასა და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან, ოპოზიციასთან ერთად მესამე სექტორისა და პრეზიდენტის კრიტიკის საფუძველიც გახდა. კანონმდებლები ჰიბრიდული ომის ტაქტიკაზე საუბრობენ, რომლის იარაღადაც, მათი თქმით, ვაგნერის ამბოხის დროს ხელისუფლების კრიტიკოსთა დიდი ნაწილი იქცა.

დაჯგუფება "ვაგნერის" დამფუძნებლის არშემდგარი ამბოხის მიუხედავად, ოპოზიციის დიდი ნაწილი დღესაც ფიქრობს, რომ ხელისუფლებას რუსეთში მიმდინარე მოვლენების პარალელურად უშიშროების საბჭო უნდა მოეწვია, ასევე ჩაეკეტა საზღვრებიც. გამოიწვევდა თუ არა ეს ქმედება დამატებით დაძაბულობას და პანიკას - ხელისუფლების ოპონენტები ამაზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ მმართველ ძალას უსაფრთხოების სტრატეგია არ აქვს.

განსხვავებულია "გირჩის" პოზიცია. პოლიტიკური ცენტრი კოლეგებისგან განსხვავებით აქცენტს პროცესებზე დაკვირვების აუცილებლობაზე აკეთებს.

ოპონენტების ერთდღიან გააქტიურებას, ჰიბრიდული ომის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის აზრით, ოპოზიციის განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მათთვის ძალაუფლების მიცემა, ნებისმიერ ტურბულენტობაში ქვეყნისთვის დამანგრეველი ზიანის მიყენებას ნიშნავს.

ევგენი პრიგოჟინის ვაგნერელებისა და რუსული ჯარის დაპირისპირება 23 ივნისს ვერ შედგა. პუტინთან დაახლოებული მილიარდერი ახლა, სავარაუდოდ, ბელარუსშია. პრიგოჟინის უკანდახევის მიუხედავად, სისხლის სამართლის საქმე - სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის, მასზე რუსეთში არ შემწყდარა.

დღის ამბები