დღეს, 26 ივნისს საღამოს და 27 ივნისს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
ამასთან, მეტეოროლოგმა, დოდო გვაზავამ "პრაიმტაიმთან" განაცხადა, რომ ამ კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
"27 ივნისიდან, 1 ივლისის ჩათვლით საქართველოს უმეტეს რაიონში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. 29 ივნისიდან 1 ივლისამდე მაღალია ელჭექისა და სეტყვის ალბათობა. დროგამოშვებით იქნება ძლიერი ქარი.
ხვალ, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს 27-დან 25 გრადუსამდე. 29 ივნისს, ჰაერის ტემპერატურა შედარებით მოიმატებს დასავლეთ საქართველოში და 3 გრადუსით დათბება. აღმოსავლეთ საქართველოშიც 30 გრადუსამდე დათბება.
ერთი კვირა ასეთი არამდგრადი ამინდებია, დროგამოშვებით გამოიდარებს",- განაცხადა დოდო გვაზავამ.