ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება - გამოცდები ზუსტად ერთ კვირაში ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირებით დაიწყება. წელს რეკორდული ნაკადია, სტუდენტობა 45 000-ზე მეტ აბიტურიენტს სურს. განსაკუთრებულ სამზადისში აპლიკანტები არიან, თუმცა სამზადისი აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსაც.
ახალგაზრდების ცოდნის შესამოწმებლად თითქმის ყველაფერი უკვე მზადაა. მთელი საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.
საგამოცდო ცენტრებში სამზადისი თითქმის დასრულებულია. რამდენიმე უწყება ერთობლივად მუშაობს იმისთვის, რომ პროცესი უწყვეტი და ხარისხიანი იყოს.
შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, აბიტურიენტებს კიდევ 1 დღე ექნებათ იმისთვის, რომ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებები შეიტანონ.
საგამოცდო განრიგი უკვე გამოქვეყნებულია. მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცდები რამდენიმე დღეში დაიწყება და პირველადი შედეგები თითოეულ საგანში ივლისის ბოლოდან გამოქვეყნდება.
საგამოცდო ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.
წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც - გამოცდების ჩასაბარებლად რაჭიდან სხვა რეგიონში წასვლა საჭირო აღარ იქნება, რაც აბიტურიენტებს როგორც დროის, ისე ფინანსური რესურსების დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს.
ავტორი: ანი გენებაშვილი