სამხედრო ამბოხს ევგენი პრიგოჟინმა პარასკევს გვიან ღამით გამოაცხადა - პრიგოჟინის "ტელეგრამ" არხებზე მოსკოვის დროით ღამის ორის ნახევარზე გამოჩნდა "ვაგნერის" მეთაურთა საბჭოს სახელით გავრცელებული განცხადება, სადაც პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს "ვაგნერზე" თავდასხმაში ადანაშაულებდა და შურისძიებით იმუქრებოდა. დაჯგუფების მეთაური აცხადებდა, რომ აპირებდა ბოროტების შეჩერებას, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს.
პრიგოჟინი მალევე გადადის მოქმედებაზე. ისინი ალყას არტყამენ სამხედრო შტაბს, ქალაქის ადმინისტრაციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებებს. ჟღერდება მოთხოვნაც ვალერი გერასიმოვისა და სერგეი შოიგუს გადადგომა. წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრება, რომ შემდეგი ქალაქი, რომელსაც მისი დაჯგუფება დაიკავებს მოსკოვია.
ვაგნერის ქმედებებს ვლადიმერ პუტინი სპეციალური განცხადებით დილით ეხმაურება. რუსეთის პრეზიდენტი კერძო სამხედრო კომპანიას ამბოხის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს და მათ ქმედებებს ღალატს და რუსეთისთვის ზურგში დანის დარტყმას უწოდებს. ამბობს იმასაც, რომ ყველას, ვინც აჯანყების გზას დაადგა, გარდაუვალი სასჯელი ელოდება.
ამ დროს მოსკოვის ქუჩებში უკვე ჩანს სამხედრო ტექნიკა. იბლოკება მაგისტრალები და მოსკოვთან მისასველი საკვანძო ხიდები. რუსეთის დედაქალაქთან ერთად ტანკები და სამხედრო ტექნიკა გამოჰყავთ სხვა დიდ დასახლებებშიც. ცხადდება კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი - გავრცელდა ინფორმაიცაც, რომ გაიცა პრიგოჟინის განეიტრალების ბრძანებაც.
დაახლოებით საღამოს 5 საათისთვის, ვაგნერი როსტოვთან ერთად აკონტროლებს ვორონეჟსა და ლიპეცკს. "ტელეგრამ" არხებზე ვაგნერელები პერიოდულად ავრცელებენ ცნობებს, თუ რამდენი კილომეტრი აშორებთ დედაქალაქს. ამ ყველაფრის პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუტინი მოსკოვს ტოვებს, თუმცა კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამ ცნობას უარყოფს.
მოგვიანებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მედიაციის პროცესში, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ერთვება. უკვე თბილისის დროით საღამოს 21:30-ზე, ლუკაშენკოს ადმინისტრაცია ავრცელებს ცნობას, რომ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და ვაგნერელები უკან იხევენ. მოგვიანებით თავად პრიგოჟინიც ადასტურებს, რომ მოსკოვისკენ სვლას აჩერებს და უკრაინაში ბრუნდება.
უკან დახევის საპასუხოდ კრემლი ევგენი პრიგოჟინის მიმართ სისხლის სამართლის საქმეს წყვეტს. პრიგოჟინის ადგილმდებარეობა ამ დროისთვის უცნობია, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ბელარუსში მიემგზავრება. რუსეთის ხელისუფლების ცნობით, პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან "ვაგნერის" მებრძოლებიც მათი დამსახურების აღიარების ნიშნად.