26 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
როგორია ვითარება უკრაინაში ომის დაწყებიდან 16 თვის შემდეგ

რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე შეფასება მალევე გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის პატრონები არაფერს აკონტროლებენ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსული ქაოსის შიშის გამო მსოფლიოში არავინ გაჩუმდეს. განცხადება გაკეთდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც. მიხაილო პოდოლიაკის შეფასებით, "ვაგნერის" ამბოხების მცდელობამ პუტინი და რუსეთი, როგორც სახელმწიფო დაამცირა.

რუსეთში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, უკრაინაში ომი გრძელდება. რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ ორი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულები მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი არიან. როგორც ცნობილია, ორივე ბახმუტთან, საარტილერიო დაბომბვას ემსხვერპლა. 32 წლის ოლეგ ოდიშვილი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე წავიდა, შემდეგ უკან დაბრუნდა და ხელახლა უკრაინაში, სულ ცოტა ხნის წინ გაემგზავრა.

უკრაინაზე თავდასხმები გრძელდება. ხერსონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. რუსმა სამხედროებმა არტილერიით საცხოვრებელი კვარტლები დაბომბეს. ჭურვი ხუთ სართულიან კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ნიკოპოლზე. დაიჭრა ერთი ადამიანი. დაზიანებულია სახლები, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზები.

უკრაინელები კი მტერს ქვეყნის აღმოსავლეთით, რამდენიმე მიმართულებით უტევენ. დაბომბილია ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებიც. გენშტაბის ცნობით, გასული ღამის განმავლობაში 30-მდე შეტაკება მოხდა. რუსი სამხედროები ახლა თავიანთ მთავარ ძალებს ლიმანის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებზე აჯგუფებენ.

200-ზე მეტი აფეთქება დაფიქსირდა სუმის საზღვრისპირა დასახლებებში. ოკუპანტებმა ოლქი 24-ჯერ დაბომბეს. საჰაერო ძალებმა ადგილობრივ მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს. კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს კიევში მაღალსართულიანი შენობის ნანგრევების ქვეშ. საცხოვრებელი კორპუსი 24 ივნისს განხორციელებული იერიშის დროს დაზიანდა. ადგილზე მაშველები ამ დრომდე მუშაობენ - ასეთია ვითარება უკრაინაში ომის დაწყებიდან 16 თვის შემდეგ.

 

 

დღის ამბები