ამბოხება არ შედგა - ვაგნერმა უკან დაიხია. პუტინმა "ვაგნერის" რაზმების დისლოკაციის პუნქტში დაბრუნების შემდეგ, სპეციალური დანიშნულების ე.წ. წითელღილაკიანი თვითმფრინავი მოსკოვში დააბრუნა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. საუბარია ერთ-ერთ საპრეზიდენტო თვითმფრინავზე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 24 ივნისს ვნუკოვოს აეროპორტიდან სასწრაფოდ სანკტ-პეტერბურგში ჩაფრინდა, მას შემდეგ, რაც ვაგნერის ხელმძღვანელმა, სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო.
რა ბედი ეწევა პრიგოჟინს თუ ის ბელარუსში ჩავა - მსოფლიოში ამაზე რამდენიმე შესაძლო ვერსია ვრცელდება. ბრიტანული სპეცსამსახურები არ გამორიცხავენ, რომ პუტინი ყოფილ მოკავშირეს კიევზე ხელახალი თავდასხმისთვის ამზადებდეს და მისი ბელარუსში გადაყვანაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტა.
ამერიკული დაზვერვა კი მიიჩნევს, რომ ბელარუსში პრიგოჟინის ლიკვიდაცია იგეგმება. ეს ვერსია საფუძვლიანად მიაჩნიათ ექსპერტებს, რადგანაც თუ ბოლო 100 წელიწადში რუსეთში აჯანყებების მცდელობებს გავიხსენებთ, ყველა მათგანი კრახით დასრულდა, სამხედრო გადატრიალების მეთაურები კი დახვრიტეს. რა განაჩენს გამოუტანს პუტინი პრიგოჟინს - ეს ოფიციალურად მომავალში გაირკვევა, მანამდე კი მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ რუსეთის პრეზიდენტის რეპუტაცია მისივე ნდობით აღჭურვილმა პირმა ევგენი პრიგოჟინმა მნიშვნელოვნად შელახა - ამას ამბობს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც.
"16 თვის წინ, რუსული ძალები უკრაინაში კიევთან იყვნენ და თვლიდნენ, რომ რამდენიმე დღეში აიღებდნენ დედაქალაქს და ამოშლიდნენ რუკიდან როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას. ახლა ის, რაც ჩვენ ვნახეთ, არის, რომ რუსეთს უწევს დაიცვას მოსკოვი, მისი დედაქალაქი, საკუთარი დაქირავებული მებრძოლებისგან. ასე რომ, თავისთავად, ეს უჩვეულოა. ამით ასევე დავინახეთ, რომ გაჩნდა კითხვები უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის წინაპირობის შესახებ. ისევე როგორც დავინახეთ პირდაპირი გამოწვევა პუტინის ხელისუფლებისთვის. ასე რომ, ვფიქრობ, ვნახეთ მეტი ბზარი, რომელიც გაჩნდა რუსულ ფასადზე. მაგრამ რა თქმა უნდა, გვაქვს ახალი კითხვები, რომელზე პასუხის გაცემაც პუტინს მოუწევს მომდევნო კვირებსა და თვეებში," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ პუტინს პრიგოჟინის აჯანყების შემდეგ ნამდვილად სურს თავდაცვის მინისტრისა და შეიარაღებული ძალების მმართველი პირების შეცვლა, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ იმასაც, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამას უახლოეს მომავალში ვერ განახორციელებს. მიზეზი კი ერთია - მას გარემოცვაში სანდო პირები აღარ დარჩა.
"მე არ მგონია, რომ პუტინის რეპუტაცია დიდად დაზარალდეს და მისი მმართველობა დასრულდეს. ვფიქრობ, ამ აჯანყებამ მას დაანახა, რომ თავდაცვის უწყებაში მმართველობა შესაცვლელია. მაგრამ არის მეორე საკითხიც - რომ გადააყენოს შოიგუ და მისი ხალხი, მათ ნაცვლად ვინ უნდა დანიშნოს. სანდო პირების მოძებნა გაუჭირდება, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც რუსეთია. ვფიქრობ პუტინი საბოლოოდ შეცვლის შოიგუს, მაგრამ ახლო მომავალში ვერ. რაც შეეხება პრიგოჟინისთვის ბრალდების მოხსნას, ჩემი აზრით, პუტინისთვის ახლა ეს არის სიტუაციის დამშვიდების მცდელობა. თავდაცვის სამინისტროში კი ვაგნერის მებრძოლებისთვის კონტრაქტების გაფორმება, ეს საზოგადოების აღშფოთებას გამოიწვევს," - აცხადებს ლონდონში, კინგსის კოლეჯის პროფესორი მარინა მირონი.