26 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
"ჩვენ გვიღალატე, ჩვენ და შენს ბიჭებს... კარგი ადამიანები თავის ხალხს ასე უბრალოდ არ ტოვებენ," - რუსი სამხედროები,  რომლებმაც გუშინ ფრონტის ხაზიდან პრიგოჟინს მხარდაჭერა გამოუცხადეს

ამბოხი რუსეთში არ შედგა - ვაგნერმა უკან დაიხია. გასამხედროებული დაჯგუფების ქვედანაყოფები, ვორონეჟის ოლქის ტერიტორიას ნორმალურ რეჟიმში და ექსცესების გარეშე ტოვებენ - ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ავრცელებს. მისივე თქმით, სიტუაციის საბოლოო მოგვარების შემდეგ, ყველა შეზღუდვა მოიხსნება.

ამ დრომდე უცნობია ვაგნერის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ზუსტი ადგილმდებარეობა. როგორც ცნობილია, ის ბელარუსში უნდა გაემგზავროს.

დონის როსტოვის ოლქიდან ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, უკვე გასულები არიან ვაგნერის მებრძოლები. რუსეთს მხოლოდ ის დარჩენია, რომ მოსახლეობა დაამშვიდოს და დააიმედოს - სწორედ ამას აკეთებენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც. როსტოვის ოლქის გუბერნატორმა თქვა, რომ ვაგნერელებმა გუშინ 10 000 კვ.მ. გზის საფარი სრულად გაანადგურეს, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას გზის დაგებას მაქსიმუმ 2 დღის ვადაში პირდება.

პუტინის ყოფილი მოკავშირე და ვაგნერის არმიის დამფუძნებელი კი „ამბოხის“ შესახებ აღარ საუბრობს და პირობას დებს, რომ დაღუპული პილოტების ოჯახებს, რომლებიც ვაგნერელებმა გუშინ შეიწირეს ვერტმფრენების ჩამოგდების შედეგად, 50 000-იან კომპენსაციას გადაუხდის.

უკრაინაში მყოფმა რუსმა ჯარისკაცებმა კი, რომლებმაც გუშინ პრიგოჟინს მხარდაჭერა ფრონტის ხაზიდან გამოუცხადეს, პუტინის ყოფილ შეფ-მზარეულს დღესაც მიმართეს და ის ღალატშიც კი დაადანაშაულეს.

"ჩვენ გვიღალატე, ჩვენ და შენს ბიჭებს. ჩვენ შენ მხარდაჭერა გამოგიცხადეთ და ახლა უკვე მივიღეთ "კარგი ცხოვრება", ვფიქრობ ისევე, როგორც შენმა ბიჭებმა. კარგი ადამიანები თავის ხალხს ასე უბრალოდ არ ტოვებენ," - განცხადებას რუსი სამხედროები ავრცელებენ.

ევგენი პრიგოჟინის ამბოხი მიუთითებს კრემლისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სისუსტეებზე - ასე ეხმაურება ომის ამერიკის შემსწავლელი ინსტიტუტი გუშინ რუსეთში განვითარებულ მოვლენებს.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის სწრაფმა წინსვლამ მოსკოვისკენ რუსეთის უშიშროების ძალების სისუსტე გამოავლინა და აჩვენა პუტინის უუნარობა დროულად მოეგერიებინა შიდა საფრთხეები. ექპერტები ფიქრობენ, რომ პრიგოჟინის აჯანყებამ როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში რეზერვების უკმარისობა, ასევე წვევამდელების საზღვრის დაცვისთვის გამოყენების საშიშროება აჩვენა.

"ეს ბოლო 30 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთში ყველაზე დრამატული სამხედრო პოლიტიკური წინააღმდეგობაა. ვფიქრობ, ამ ფაქტმა პუტინი მნიშვნელოვნად შეასუსტა. კერძო სამხედრო დაჯგუფება მოსკოვისკენ იძვრის და მას არავინ აჩერებს. მეტიც, ამის ფონზე მათ წინსვლის უფლება მისცეს. პრიგოჟინს ახლა სიფრთხილე მართებს. რუსული ელიტის ბევრი წარმომადგენელი, მათ შორის პუტინიც ძალიან გაბრაზებული იქნება იმის გამო, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ. პუტინისთვის დამახასიათებელია შურისძიება მათზე, ვიზეც ფიქრობს, რომ მას დანა ზურგში ჩასცო," - აცხადებს სირაკუზის უნივერსიტეტის პროფესორი ბრაიან ტეილორი.

ამერიკელი ანალიტიკოსები ასევე ვარაუდობენ, რომ ამბოხება მძიმე დარტყმას მიაყენებს რუსეთის ხელისუფლებას და ასევე, ძირს გამოუთხრის კრემლის უნარს განაგრძოს ომი უკრაინის წინააღმდეგ, მათ შორის რუსული არმიის საბრძოლო სულისკვეთების შემცირების გამოც.

"ყოველივე ამის შემდეგ, ეს არის უზარმაზარი შოკი რუსული პოლიტიკისთვის, უზარმაზარი შოკი პრეზიდენტ პუტინის რეჟიმისთვის. და, შესაბამისად, ეს შეიძლება იყოს მომავალში რეჟიმისთვის ბევრად უფრო პრობლემური პერიოდის მომასწავებელი. რა პასუხს სცემს პრეზიდენტი პუტინი ახლა ამას? გრძნობს თუ არა, რომ ის იმდენად დაზიანდა ამით, რომ მისი ძალაუფლებისა და რეპუტაციის აღდგენის მიზნით, ამის გაკეთების ერთადერთი გზა არის არსების განადგურება, რომელიც მან შექმნა. ეს დიდი ბრძოლა იქნებოდა . მაგრამ შედეგი ნამდვილად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. აშკარაა რეჟიმის რღვევა, რაზეც ხალხი საუბრობდა და სპეკულირებდა. ეს ძალიან რეალურია. ეს აბსოლუტურად შეამცირებს ნდობას პრეზიდენტი პუტინის მიმართ და ხალხს აფიქრებინებს, რომ მისი შეცვლა შესაძლებელია," - აცხადებს სამხედრო გენერალი რიჩარდ ბარონსი.

დღის ამბები