26 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
ვიოლა ფონ კრამონი აღიარებს, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ იცოდა - რა შეფასებები მოჰყვა ევროპარლამენტარის საიდუმლოს 

"საქართველოს პრეზიდენტი თავს თვლის ანგარიშვალდებულად არა ქართული საზოგადოების წინაშე, არამედ ოდიოზური ევროპარლამენტარების და მათი პატრონების წინაშე" - "ქართულ ოცნების" თავმჯდომარეს ეს შთაბეჭდილება პრეზიდენტზე მას შემდეგ აქვს, რაც გაირკვა, რომ გვარამიას შეწყალებაზე მისი გადაწყვეტილების შესახებ, ევროპარლამენტის წევრებმა წინასწარ იცოდნენ. ვიოლა ფონ კრამონმა ერთ-ერთი მედიის ეთერით თქვა, რომ ამ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ, საიდუმლოდ ინახავდა.

ევროპარლამენტის წევრებმა საიდუმლო თითქმის 1 თვეა იციან, თუმცა სპეციალურ ბრიფინგზე, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება 19 ივნისს მიიღო, მას შემდეგ, რაც "მთავარი არხის" ხელმძღვანელს სამართლებრივი ბრძოლის ყველა ბერკეტი ამოეწურა.  

მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი ადრე თუ გვიან გვარამიას შეიწყალებდა, ჰქონდათ ოპოზიციის წარმომადგენლებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეს შთაბეჭდილება მათ ქვეყნის პრეზიდენტის არაერთი განცხადების შემდეგ დარჩათ. ოპოზიციაში არც იმას გამორიცხავენ, რომ გვარამიას შეწყალების საკითხზე კონსულტაციები სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ყოფნის დროსაც შედგა. 

საპარლამენტო უმრავლესობისთვის ვიოლა ფონ კრამონის განცხადებამ მხოლოდ ერთი რამ გამოკვეთა, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ევროპარლამენტარებთან იყო შეთანხმებული და ის ანგარიშვალდებულად თავს არა ქართველი ხალხის, არამედ სწორედ მათ წინაშე გრძნობს. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ პრეზიდენტმა ნაბიჯი პოლარიზაციის გაღრმავებისკენ გადადგა.   

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიამ საპატიმრო 3 წლისა და 6 თვის ნაცვლად 1 წელსა და ერთი თვეში დატოვა. ნიკა გვარამიას გამოძიება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დირექტორობის პერიოდში, არხის კუთვნილი 6 მილიონ 700 ათასი ლარის გაფლანგვას და ე.წ პორშეს მარკის ავტომობილის პირადი სარგებლობისთვის გამოყენებას ედავებოდა. ძვირადღირებული მანქანა პორშეს ცენტრიდან არხის მაშინდელმა ხელმძღვანელმა "რუსთავი 2"-ის ეთერში რეკლამის განთავსების სანაცვლოდ გამოიყვანა. 

დღის ამბები