26 ნოემბერი 2024,   11:00
ვრცლად
რა ხდება ამ წუთებში რუსეთში - ამბოხებული პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ "ვაგნერი" მოსკოვს უახლოვდება

ევგენი პრიგოჟინის სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერი" მოსკოვს უახლოვდება. შეიარაღებული ამბოხის მთავარი სამიზნე მოსკოვია, მიზნამდე კი რამდენიმე ასეული კილომეტრი რჩება. როსტოვი-ვორონეჟი-ლიპეცკი - ვაგნერმა ნახევარ დღეში 800 კილომეტრის გავლა და ქვეყნის ცენტრამდე მიახლოება შეძლო. ევგენი პრიგოჟინის დაანონსებულმა ბოროტების შეჩერების გეგმამ, რუსეთში ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მოსკოვი საგანგებო რეჟიმზეა გადასული და ყველანაირი ძალებით ცდილობს კრემლი დაიცვას. პუტინმა ამბოხების ჩახშობის ბრძანება უკვე გასცა.

მოსკოვის ოლქამდე "ვაგნერს" 100 კილომეტრი დარჩა - ამბოხებულები ტელეგრამ არხზე აქვეყნებენ ამ ინფორმაციას. "ვაგნერის" არმიას რამდენიმე საათი დასჭირდა რუსეთის ცენტრამდე მისასვლელად. "ვაგნერი" სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით მოძრაობს.

რუსეთის დედაქალაქში თავდაცვითი პოზიციების აგება დილიდან დაიწყეს. რუსეთმა მოსკოვთან მისასვლელ სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა ხიდზე შეიარაღებული ძალები მოაბილიზა. ქალაქის ყველა შესასვლელი ბლოკირებულია. მოსკოვის მისასვლელებთან ბლოკპოსტები მოაწყვეს. რუსეთის დედაქალაქისკენ სამხრეთიდან რამდენიმე მთავარი გზა მიდის, მათ შორის, M2 და M4. M4 გზატკეცილს "ვაგნერის" დაჯგუფება იყენებს და გადაადგილდება როსტოვიდან მოსკოვის მიმართულებით. შესაბამისად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ეს გზა ჩაკეტა. შეზღუდულია მოძრაობა. მოსკოვთან ახლოს სპეციალური თავდაცვითი პოზიციებია მოწყობილი. ჩაკეტილია ქალაქის შესასვლელები და სტრატეგიული ობიექტები. მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ გავიდნენ სახლიდან და მოერიდონ ქუჩაში სიარულს.

ყველაფერი გამთენიისას დაიწყო. მას შემდეგ, რაც "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე თავდასხმაში დაადანაშაულა, მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი რუსეთის თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ დაირაზმა. აჯანყებიდან ზუსტად 5 საათის შემდეგ, მათ, ფაქტობრივად, უბრძოლველად დაიკავეს რუსეთის სამხრეთში მდებარე ქალაქი დონის როსტოვი. ეს ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო მიმართვაშიც დაადასტურა.

როსტოვის აღებიდან რამდენიმე საათში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება ქალაქ ვორონეჟში შევიდა. ეს რეგიონი როსტოვიდან, დაახლოებით, 600 კილომეტრში მდებარეობს; აქედან მოსკოვამდე კი, დაახლოებით, 500 კილომეტრია. პრესაში მალევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვორონეჟში "ვაგნერის" მებრძოლებმა სამხედრო ობიექტები დაიკავეს.

დილის 10 საათისთვის "ვაგნერელები" უკვე, ფაქტობრივად, სრულად აკონტროლებდნენ ვორონეჟს. ამ შემთხვევაშიც, მათთვის წინააღმდეგობა არავის გაუწევია. ოფიციალური მოსკოვი ვორონეჟზე კონტროლის დაკარგვას უარყოფს. მედიაში გავრცელდა ვორონეჟის თავზე ვერტმფრენის ჩამოგდების კადრი.

დაახლოებით, დღის 2 საათზე, "ვაგნერის" კოლონამ ვორონეჟის ოლქი გაიარა და ლიპეცკის ოლქში შევიდა. ლიპეცკის გუბერნატორმა საგანგებო განცხადება გააკეთა და მოსახლეობას მოუწოდა სიფრთხილისკენ. ოფიციალური მოსკოვი ლიპეცკზე კონტროლის დაკარგვასაც უარყოფს, თუმცა ოლქში "ვაგნერელების" გამოჩენას ადასტურებს.

ლიპეცკიდან მოსკოვამდე გზა ტულაზე გადის. ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ვაგნერელები" მოსკოვის ოლქის სიახლოვეს, ტულის ოლქში არიან. ბოლო ცნობებით, რომელიც ამ დროისთვის რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება "ვაგნერელებს" მოსკოვის ოლქთან კილომეტრები აშორებს. ოფიციალური მოსკოვი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. მოსკოვი რომ თავდაცვისთვის ემზადება ამას ის კადრები ადასტურებს, რაც რუსეთის დედაქალის ქუჩებიდან ვრცელდება.

დღის ამბები