"ჯორჯიან მანგანეზსა" და თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სამედიაციო შეთანხმება ძალაში დღეიდან შევიდა, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ ვალდებულება აიღო ჭიათურაში სამთო მოპოვებითი საქმიანობა განაახლოს.
ახალი შეთანხმების მიხედვით, ყველა მოთხოვნაზე პრინციპული თანხმობა არსებობს. რაც შეეხება ხელფასის მატებას, კომპანიის განცხადების მიხედვით, თანამშრომლებს ხელფასი ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით განესაზღვრებათ, კერძოდ კი კომპანიასა და თანამშრომლებს შორის მანამდე გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების საფუძველზე.
სამედიაციო დოკუმენტით განისაზღვრა შეიქმნას კომისია, მხარეთა წარმომადგენლობით და ჩართულობით, რომელიც 3 თვის განმავლობაში კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებას მოახდენს. ამასთან, ჩატარდება დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ კომპანიის ფინანსური აუდიტი.
შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში შედგა, სადაც შეთანხმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი გაფორმდა. მას ხელი დამსაქმებელმა, დასაქმებულმა და მედიატორმა მოაწერეს. დოკუმენტში გაწერილი შეთანხმების პირობების აღსრულებას მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს.