26 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
რუსეთში მიმდინარე მოვლენები და საქართველო - ოპოზიცია საზღვრების ჩაკეტვასა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას ითხოვს

რუსეთში მიმდინარე შეიარაღებული ამბოხის პარალელურად, საქართველოში უსაფრთხოების საბჭოს შეკრების აუცილებლობაზე საუბრობს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.

შეიარაღებულ ამბოხს, რომელმაც რუსეთის დღის წესრიგი შეცვალა, გამოეხმაურნენ თბილისშიც. ოპოზიცია საზღვრების ჩაკეტვას მოითხოვს და ხელისუფლებას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდებს. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად ახლა ხელსაყრელი დროა. გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ბრალდებული "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსანი, გიორგი უდესიანი, რომელსაც ქართულმა სასამართლომ 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, სოციალურ ქსელში წერს:

"ძმებო, საქართველოს პატრიოტებო, იყავით მზად ბრძოლისთვის, უნდა დავიბრუნოთ რაც დავკარგეთ ომით. ან ახლა, ან არასდროს, ძალიან ახლოსაა საქართველოს გაერთიანება."

პარალელურად, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა საზღვრების ჩაკეტვა მოითხოვა.

საქართველოს ხელისუფლებას კითხვით მიმართავს "ლელოს" ლიდერი. მამუკა ხაზარაძე უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს. მისი პოლიტიკური ჯგუფის წევრი ანა ნაცვლიშვილი კი აცხადებს, რომ საბჭოს გაფართოებულ ფორმატში ჩატარების პარალელურად, საჭიროა პირდაპირი ფრენების გაუქმებაც.

საქართველოში რომ უსაფრთხოება დაცულია, საუბრობენ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ უსაფრთხოების მიმართულებით სახელმწიფო უწყებები აქტიურად ზრუნავენ. ირაკლი კობახიძე მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ რუსეთში მიმდინარე მოვლენებს საქართველო დააკვირდება. ქვეყანა კი ვერცერთი სახელმწიფოს, მათ შორის რუსეთის შიდა პოლიტიკაში, ვერ ჩაერევა.

ოპოზიციური პარტიების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ქვეყანაში კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს ფრონტის გახსნა სურთ, თუმცა მისივე განცხადებით, მისასალმებელია ხელისუფლების არჩეული კურსი, რომელიც სამშვიდობო პოლიტიკას გულისხმობს.

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დეოკუპაციის მიზნით, საქართველოს არჩეული აქვს სამშვიდობო პოლიტიკა და ქვეყანა ამ კურსს არ გადაუხვევს.

დღის ამბები