პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების რეალური მოტივი მმართველი პარტიისთვის პასუხგაუცემელი რჩება. პარლამენტის თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად მიიჩნევს. შალვა პაპუაშვილი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტს სულ სხვა მიზანი ჰქონდეს.
ნიკა გვარამიას შეწყალება ოპოზიციისთვის გზავნილია, რომ პრეზიდენტმა ქვეყნის ინტერესებით იხელმძღვანელა. ეს კი მათი თქმით, ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია.
ის, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიღმა პირადი ინტერესი არ იდგა, ეს ციხიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამაც თქვა. პირველივე კომენტარში სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მთავარი არხის დამფუძნებელმა სალომე ზურაბიშვილს წარსულში გაკეთებული არაეთიკური განცხადებების გამო ბოდიშიც მოუხადა. გვარამიას სამიზნე ზურაბიშვილი არაერთხელ გამხდარა. ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვიდეო მასალების მიხედვით, ის პრეზიდენტს ხან "რეზიდენტს" უწოდებდა, ხან კი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
გვარამიას შეწყალება საპარლამენტო უმრავლესობისთვის სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლაა. დღეს მათ საზოგადოებას და პრეზიდენტს ის ბრალდება შეახსენეს, რის გამოც ნიკა გვარამიას პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. გამოძიება მას ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს არხის კუთვნილი 6 მილიონ 700 ათასი ლარის გაფლანგვას და ე.წ პორშეს მარკის ავტომობილის პირადი სარგებლობისთვის გამოყენებას ედავებოდა. ძვირადღირებული მანქანა "პორშეს" ცენტრიდან არხის ხელმძღვანელმა "რუსთავი 2"-ის ეთერში რეკლამის განთავსების სანაცვლოდ გამოიყვანა.
როგორ აისახება პრეზიდენტის გადაწყეტილება ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე და ექნება თუ არა მას გავლენა დე-პოლარიზაციაზე - მმართველ პარტიაში ეს რთულად წარმოუდგენიათ. "ქართულ ოცნებაში" პოლარიზაციის ერთ-ერთ ხელშემწყობად სწორედ ნიკა გვარამიას ასახელებენ.
3 წლისა და 6 თვის ნაცვლად 1 წელი და ერთი თვე -პრეზიდენტის შეწყალებით სწორედ ამ ვადაში დატოვა ნიკა გვარამიამ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულება.