26 ნოემბერი 2024,   11:43
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურს დაარსებიდან 29 წლისთავს ულოცავს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობას, მთელ პირად შემადგენლობას, თითოეულ მოქმედ თუ ვეტერან თანამშრომელს გულითადად გილოცავთ სამსახურის დაარსებიდან 29 წლისთავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, პრემიერი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის სამსახური მაღალპროფესიულ, ევროპული სტანდარტების თანამედროვე ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, რომელიც სრულად პასუხობს ჩვენი დროის გამოწვევებს.

პრემიერმა კიდევ ერთხელ პატივი მიაგო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა ხსოვნას.

"საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, თქვენ უმნიშვნელოვანესი მისია იკისრეთ - თითქმის სამი ათწლეულია, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას, სახელმწიფოებრიობის დაცვასა და განმტკიცებას ემსახურებით.

თქვენი საპასუხისმგებლო და ამავე დროს მაღალ რისკებთან დაკავშირებული საქმიანობა, პროფესიონალიზმთან ერთად, თავდადებას მოითხოვს. დღეს, თქვენთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს ჩვენი გმირების, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული თქვენი მეგობრებისა და კოლეგების ნათელ ხსოვნას.

მოხარული ვარ, რომ დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, - სამსახურის ხელმძღვანელობისა და თითოეული თქვენგანის დიდი შრომით, მთავრობისა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის თანადგომით სპეციალური დაცვის სამსახური მაღალპროფესიულ, ევროპული სტანდარტების თანამედროვე ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, რომელიც სრულად პასუხობს ჩვენი დროის გამოწვევებს.

მადლობას გიხდით ქართული სახელმწიფოს ერთგული მსახურებისთვის, კვლავაც თანადგომას გპირდებით და შემდგომ წინსვლას, მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს,"- აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები