26 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
სურვილიც მქონდა და იმედიც, რომ ამ ნაბიჯს გადადგამდა ქალბატონი ზურაბიშვილი - ნიკა მელია გვარამიას შეწყალებაზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ის მოელოდა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა მელიას შეწყალების თაობაზე. ნიკა მელია მხარდამჭერებთან და ენმ-ს წევრებთან ერთად ამ წუთებში რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფება და ნიკა გვარამიას გამოსვლას ელოდება.

ნიკა მელიამ იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში, პოლიტიკური პატიმრობა, როგორც ფენომენი, აღარ იარსებებს.

"სიმართლე გითხრათ, შესაძლებელია ბევრისგან განსხვავებით, ოპოზიციას ვგულისხმობ, ჩემთვის არ იყო მოულოდნელი. სურვილიც მქონდა და იმედიც მქონდა ბოლო თვეების მანძილზე, რომ ამ ნაბიჯს გადადგამდა ქალბატონი ზურაბიშვილი და ვისურვებ, რომ მომავალში კეთილ ნებაზე, თუნდაც სწორი გადაწყვეტილების იმედად არ ვიყოთ, ნებისმიერი პრეზიდენტის, იქნება ქალბატონი ზურაბიშვილი თუ სხვა, ვის ხელთაც იქნება შეწყალების ბერკეტი.

ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ არსებობდეს მიუკერძოებელი მართლმსაჯულება და არაპოლიტიზირებული პროკურატურა. ეს პრობლემა თუ გადაიჭრება, ვფიქრობ, პოლარიზაციის საკითხი თავისით მოგვარდება.

რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას - რა თქმა უნდა, მივესალმები, ნიკა გვარამია არ იმსახურებდა ციხეში ჯდომას. ეს შეიძლება ბევრს სიამოვნებდა, ბევრს სამართლიანად ჰქონდა აღშფოთება, მაგრამ კარგია, რომ ამ საკითხს წერტილი დაესვა. ახლა მთავარია, რომ მომავალში აღარ გვყავდნენ პოლიტიკური პატიმრები და ვინც დღეს არის, ისიც გათავისუფლდეს. ეს სჭირდება ყველას - "ქართული ოცნების", "ნაციონალური მოძრაობის" თუ სხვა პარტიების ამომრჩევლებს, რადგან ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური რიტმი უნდა არსებობდეს, პოლიტიკური პატიმრობა, როგორც ფენომენი, წარსულს უნდა ჩაბარდეს და სხვა ჯანსაღ პროცესებს უნდა მოვახმაროთ ჩვენი ქიშპობა და უთანხმოებებიც თუნდაც,"- განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

დღის ამბები