26 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
პოლარიზაციის შემცირების მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე - ანი წითლიძე

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ერთ-ერთი მთავარი პირობა პოლარიზაციის დასრულებაა. სტოკჰოლმის ზეპირი მოსმენის შემდეგ, ხელისუფლება და ოპოზიციაც კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებს და ევროკავშირის გზაზე ხელისშემშლელ ფაქტორად თავიანთ პოლიტიკური ოპონენტებს ასახელებენ.

"მე შემიძლია გითხრათ, რომ დეპოლარიზაციაზე, მათ შორის, იმ ძალიან სერიოზული ზიზღის გამავრცელებელი პროპაგანდის ფარგლებში, "ქართული ოცნების" პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხარისხი გაცილებით დიდია, ვიდრე ოპოზიციის, ამ შემთხვევაში,"- განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი წითლიძეც მიიჩნევს, რომ პოლარიზაციის დასასრულებლად მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლების მხარესაა.

"ძალიან მკაფიოდ გვითხრეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, რომ 12 პუნქტიანი ვალდებულებიდან ძირითადი პუნქტები - მე-8 და მე-9 შესრულებული არ არის და ამ პუნქტების შეუსრულებლობამდე საქართველოს აქვს პრობლემა კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. პოლარიზაციის შემცირების მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე და ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ დღეს ყველაფერს აკეთებდეს 12 პუნქტიანი ვალდებულების შესრულებაზე, პირიქით - კიდევ უფრო მეტ ზიზღს, სიძულვილს და ბოღმას თესავს," - განაცხადა ანი წითლიძემ.

სტატუსთან დაკავშირებით ქართველ პოლიტიკოსებს სხვადასხვა მოლოდინი აქვთ. სკეპტიკოსები, ძირითადად, ოპოზიციაში არიან. ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველო სტატუსს ვერ მიიღებს და მას არც შემოდგომაზე უნდა ჰქონდეს მაღალი ქულის მიღების პრეტენზია. ნაწილს კი, იმედი აქვს, რომ ბრიუსელი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს, თუმცა სტატუსს თბილისს გარკვეული დათქმებით მისცემს.

"ევროპა არ არის რაღაც ტექნიკურად შესრულებული ხალხის ადგილი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ადგილია და მარტო მაგის იმედით ვარ, რომ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო დონეზე რაც კი შეიძლებოდა გაკეთებულიყო "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, ალბათ, ყველაფერი გაკეთდა, მეტზე ისინი წამომსვლელები არ არიან, ჩვენ მაინც გვაქვს კიდევ შანსი, რომ ის სამიანი, რომელიც დღეს დაგვიწერეს გავაძლიეროთ, 3+ მაინც გახდეს, თუ საქართველოს საგარეო კურსი ჩვენი ევროპელი მეგობრებისთვის იქნება ბევრად გასაგები,"- აცხადებს "გირჩის" წევრი ჰერმან საბო.

დღის ამბები