26 ნოემბერი 2024,   10:58
ვრცლად
ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა გახდა

ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა გახდა - გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო. ის დღეიდან საფინანსო ინსტიტუტის პრეზიდენტის მოვალეობასაც შეასრულებს. პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ახლად შექმნილია, ამის საფუძველი კი კანონში შესული ცვლილებები გახდა. სწორედ ამ თანამდებობის შექმნის იდეა იყო ის, რის გამოც ქვეყნის პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო.

"ჩატარდა ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა და საბჭომ დამიჭირა მხარი და ხმათა უმრავლესობით, ამირჩია პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. ეროვნული ბანკის მთავარი მისია არის იზრუნოს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე, ასევე, სამომხმარებლო ფასების სტაბილურობაზე. ამ მიმართულებებით, ეროვნულ ბანკს აქვს საკმაოდ სერიოზული მიღწევები იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე იდგა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ჩვენი საფინანსო სექტორი, იყო პანდემია, შემდეგ ძალიან დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევები, რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც მძვინვარებს, ჩვენმა საფინანსო სისტემამ დაამტკიცა და ყველას დაუმტკიცა თავისი სიძლიერე, შეინარჩუნა მაღალი საერთაშორისო რეიტინგები.

ეროვნული ბანკი, როგორც დამოუკიდებელი, ძლიერი ინსტიტუცია, ისევ ისე გააგრძელებს საქმიანობას, გააგრძელებს ადეკვატურ, ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას. ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ თანამშრომლობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან," - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები