26 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
ევროკავშირის კარი ღიაა, თუმცა ევროკავშირთან დასაახლოებლად, საჭიროა საშინაო დავალების შესრულება - რაც აცხადებენ ევროპულ საქმეთა მინისტრები სტოკჰოლმში

ევროკავშირის კარი ღიაა სამივე ქვეყნისთვის, თუმცა იმისთვის, რომ საქართველომ უკრაინამ და მოლდოვამ ნაბიჯი გადადგან ევროკავშირთან დასაახლოებლად, საჭიროა საშინაო დავალების შესრულება, - ეს დღეს ევროპის მთავარი გზავნილია. იმ პროგრესზე რაც ქვეყნებს აქვთ, სტოკჰოლმში ევროპულ საქმეთა მინისტრები ამ წუთებში მსჯელობენ, ზეპირი ანგარიში მათ ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ წარუდგინა, განცხადებები შეხვედრის დაწყებამდეც გაკეთდა.

პიტერ ბურკი ირლანდიის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში აღნიშნავს, რომ ირლანდია საქართველოს მხარს უჭერს განვითარების პროცესში.

"ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოსთან და ირლანდია მხარს უჭერს საქართველოს ამ პროცესში. მე ცოტა ხნის წინ შევხვდი საქართველოს ელჩს ირლანდიაში. განვიხილეთ ბევრი კრიტიკული მნიშვნელობის საკითხი და რეფორმა, რომელსაც ქვეყანა გადის. ასე რომ, ჩვენ აბსოლუტურად მხარს ვუჭერთ მათ რეფორმების გატარებაში. მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ, რომ ქვეყნებმა, რომლებიც შემოდიან ევროპაში, დააკმაყოფილონ ევროპული კანონმდებლობა და გადალახონ ეს ბარიერი, რადგან ეს აადვილებს ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ქმედუნარიანობას. ასე რომ, ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ საქართველოსთან. მხარს ვუჭერთ მათ ამ პროცესის განმავლობაში და ნებისმიერ დახმარებას, რომელიც მათ ესაჭიროებათ ამ კუთხით, გავუწევთ. ჩვენ ირლანდიელი მოქალაქეები ვაცნობიერებთ იმ ტრანსფორმაციულ ეფექტს რომელიც ევროკავშირის წევრობას შეიძლება ჰქონდეს. ჩვენ ეს ჩვენს ქვეყანაში ვნახეთ ბოლო 50 წლის განმავლობაში,"- აცხადებს პიტერ ბურკი.

ხორვატიის სახელმწიფო მდივანი ევროპის საკითხებში, ანდრეა მეტელკო-ზგომბიჩი აცხადებს, რომ სასურველია, რაც შეიძლება მალე შეძლონ კანდიდატმა ქვეყნებმა თავიანთი კრიტერიუმების შესრულება.

"ჩვენ მოუთმენლად ველით მოვისმინოთ დღეს არაფორმალური მოკლე მოხსენება სამივე ქვეყნის პროგრესის შესახებ. ჩვენ კარგად ვიცით კომისიის უკვე გამოთქმული შეფასება. ჩვენ მას ძალიან ყურადღებით მივყვებით. საქართველოსთვის კი ნამდვილად მნიშვნელოვანია ის, რომ მას პირველად აქვს ღია ევროპული პერსპექტივა. მან უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და ეს მომენტი. ჩვენ ვიქნებით ძლიერი მხარდამჭერი მათ მცდელობებში. მაგრამ მათ ნამდვილად უნდა შეასრულონ საშინაო დავალება. ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები მთელი წლის განმავლობაში, რადგან გადაწყვეტილება დეკემბერში მიიღება , იქნება საბოლოო შეფასება პირობების შესრულებაზე. ვიტყოდი, რომ ღია კარის პოლიტიკა უკვე ძალაშია და რაც უფრო სწრაფად შეძლებენ კანდიდატი ქვეყნები კრიტერიუმების შესრულებას და საკუთარი თავის გარდაქმნას, უკეთესია. ეს პროცესი ნამდვილად მნიშვნელოვანია,"- აცხადებს ზგომბიჩი.

გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში ანა ლუჰრმანი აცხადებს, რომ საქართველო ევროპულ ოჯახშია.

"მკაფიოა რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია . მე შევხვდი ძალიან ბევრ მოწადინებულ ქართველს რომელთაც სურთ გახდნენ ევროკავშირის ნაწილი . სამწუხაროდ მანამდე მოვისმინეთ კომისიისგან ,რომ მთავრობა არსებულ მოლოდინებს არ ამართლებს . მკაფიოა რომ საქართველოს მოქალაქეები მთავრობისგან ითხოვენ რეფორმების პრიორიტეტების შესრულებას . ეს ნაბიჯები, რა თქმა უნდა, ქვეყნის გახდის უფრო თავისუფალს , რომელიც მეტად ეფუძნება კანონის უზენაესობას. გვინდა რომ საქართველო ევროკავშირში ვნახოთ , ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში ყველას, ვისაც ამ გზით წასვლა სურს . კრიტერიუმები უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ შემდეგ საფეხურზე გადახვიდეთ,"- აცხადებს ლუჰრმანი.

დღის ამბები