ჯანდაცვის სფეროში რეგულაციების შესახებ კანონპროექტში ცვლილებებზე კითხვებს, "ღამის კურიერის" ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა უპასუხა.
მისი განცხადებით, კანონში შეცვლილია მხოლოდ ის, რომ ჯანდაცვის უწყებას უკვე უკმაყოფილო პაციენტის ან მისი ოჯახის წევრების მიმართვის საფუძველზე ქნება შესაძლებლობა სამედიცინო დაწესებულების შემოწმების.
"საქართველოში, სამწუხაროდ პრობლემა გვაქვს ჯერ ამ კანონპროექტის და ცვლილებების წაკითხვასთან და მერე წაკითხულის შინაარსის გააზრებასთან. ჩვენ, დღესაც, საკმაოდ ფართოდ გვაქვს უფლებები კლინიკების შემოწმების ნაწილში. ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, ინფექციის კონტროლს ეხება თუ სხვა დარღვევებს, ჩვენ ისედაც გვაქვს შემოწმების უფლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ერთადერთი ჩანაწერი, რომელიც არ იყო დაზუსტებული და ახლა, პირველი მოსმენით უკვე მიიღეს ეს ცვლილება, ეხება პაციენტის ოჯახის წევრის მომართვის საფუძველზე შემოწმებას. როცა დადგა, რაც, სამწუხაროდ ხშირია, გარდაცვალების შემთხვევა ან მძიმე შემთხვევა, ან არასწორი დიაგნოზი, უკმაყოფილების შემთხვევაში, მიმართავენ უწყებას და ჩვენი რეგულირების სააგენტოს თანამშრომელი მიდის კლინიკაში. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპერატიულად მოხდეს კლინიკაში მისვლა. კლინიკიდან იღებს შესაბამის დოკუმენტაციას, ისტორიას, ფორმა 100-ს, ეს დოკუმენტაცია იგზავნება რეცენზენტთან, რომელიც წერს დასკვნას, თუ რა მოხდა, რა პროცესი მიდიოდა კლინიკაში და ამ დასკვნის განხილვა ხდება პროფესიულ საბჭოზე, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, იყო თუ არა ექიმის გადაცდომა, კლინიკის ბრალეულობა და ა.შ. აქ მხოლოდ ამაზეა საუბარი,"-განაცხადა მინისტრმა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სასამართლოს შეტყობინება და დაწესებული 48 საათიანი ვადა საშუალებას აძლევდათ კლინიკებს, არსებული დოკუმენტაცია სურვილისამებრ შეეცვალათ და ამით რეალური სურათი დაემახინჯებინათ.
"ესეც პრაქტიკიდან გამომდინარე გახდა საჭირო, სამწუხარო ფაქტები რაც გვაქვს, როცა რეცენზენტამდე მიდის დაწერილი ისტორია და ფორმა 100, ეს არის უკვე, რბილად რომ ვთქვათ, იმდენად შელამაზებული, რომ დასკვნის გამოტანა რეცენზენტსაც უჭირს და მერე, ამ დასკვნის საფუძველზე, საბჭოს - გადაწყვეტილების მიღება. ის 48 საათიანი პერიოდი და შეტყობინების ვალდებულება, რაც სასამართლოს აქვს, სრულიად საკმარისია, რომ ისტორია განსხვავებული სურათით გამოგვატანონ და შემდეგ, ამის საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღება, პრაქტიკულად, შეუძლებელია,"-განაცხადა ვმინისტრმა.