26 ნოემბერი 2024,   10:57
ვრცლად
"აქამდე შენ ლაპარაკობდი შენს ჯანმრთელობაზე და მოკალი მთელი პოლიტიკური პროცესი, რომელიც ოპოზიციას შეეძლო ეწარმოებინა, ახლა როგორ გინდა ეს ერთ დღეში დამთავრდეს" - იაგო ხვიჩია მიხეილ სააკაშვილზე

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას აზრით, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი არ არის, თუმცა, მისივე თქმით დადასტურდა, რომ ის დიაგნოზები, რასაც მის შესახებ ამბობდნენ, ტყუილი იყო.

როგორც ხვიჩიამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, სააკაშვილს "ციხესთან შეუგუებლობა" აქვს.

"ან "ვივამედის" სასწაულის უნდა ვიწამოთ, ან იმის, რომ აქამდე გვატყუებდნენ, მესამე, სხვა გზა არ არსებობს. ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი კარგად არ არის. მე ის პირადად მყავს ნანახი და შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ის კარგად არის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპტიმალურია და ა.შ. ეს ასე ნამდვილად არ არის, მაგრამ ასევე, გაქარწყლდა ხმები იმის შესახებ, რომ მას აქვს დემენცია, კუნთების განლევა და ა.შ. ფიზიკურად - სიმართლე სადღაც შუაშია. მიხეილ სააკაშვილის ის დიაგნოზი, რომ მას შეუგუებლობა აქვს ციხესთან და ეს დიაგნოზი არის როგორც მიხეილ სააკაშვილის ექიმების მიერ დასმული, ასევე, სხვა კომისიების მიერ - ეს, ჩემი აზრით, მართალია. მიხეილ სააკაშვილს ფსიქიკაში არ აქვს კარგი მდგომარეობა იქიდან გამომდინარე, რომ ის მართლა ვერ ეგუება პატიმრობას, მაგრამ იმ დიაგნოზებზე, რომლებზეც აქამდე საუბრობდნენ და ერთხმად გაჰყვიროდნენ მთელი ქართული ოპოზიციური მედიასპექტრი, ეს ამბები, ჩემი აზრით, მართალი არ უნდა იყოს და მგონი, ეს დადასტურდა.

მგონია, რომ "ნაცმოძრაობასა" და მიხეილ სააკაშვილს მოუწევს ავადმყოფი მიხეილ სააკაშვილის ნარატივიდან გამოსვლა იმიტომ, რომ შენ თუ არჩევნების მოგება გინდა, მაშინ თან კვნესა იმასთან დაკავშირებით, როგორ ცუდად ხარ, ჯანმრთელობა რა დღეში გაქვს და ა.შ. ეს არ არის სწორი წინასაარჩევნოდ, რადგან პირიქით - ხალხს უნდა ეჩვენო, როგორც მხნედ მყოფი ლიდერი, რომელსაც შეუძლია რუსეთის ტყვეობაში მყოფს დაამარცხოს პუტინი. თუ ამ თამაშს თამაშობს, ციხეშიც უნდა იყოს საკუთარი ნებით გადაყვანილი და საჭიროა იმის თქმა, რომ დაძლიე ჯანმრთელობის პრობლემები და ახლა შეუდექი ბრძოლას და არა ის ნარატივი, რასაც დღეს მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ჩემს ჯანმრთელობაზე კი არ ვილაპარაკოთ, ვილაპარაკოთ ქვეყნის ბედზეო. კაცო, აქამდე შენ ლაპარაკობდი შენს ჯანმრთელობაზე და წელიწად ნახევარი შენი ჯანმრთელობით მოკალი მთელი პოლიტიკური პროცესი, რომელიც ოპოზიციას შეეძლო ეწარმოებინა და ახლა როგორ გინდა ეს ერთ დღეში დამთავრდეს, ეს ერთ დღეში არ დამთავრდება, მაგრამ დამთავრდება მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი თავად მოითხოვს ციხეში გადასვლას და იქიდან გააგრძელებს ბრძოლას,"-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები