გაფიცვის მე-16 დღე, ჭიათურელი მაღაროელები პროტესტს განაგრძობენ, თუმცა 14 მოთხოვნიდან ამჟამად მხოლოდ ერთს აყენებენ. დასაქმებულები მზად არიან სამუშაოს დაუბრუნდნენ თუკი ოფიციალურად ზარალზე მყოფ მაღაროებში მათ ხელფასებს 20 პროცენტით გაუზრდის.
კომპანიისთვის მსგავსი ულტიმატუმი მიუღებელია, რადგან მათი თქმით, მანგანუმის კონცენტრატზე მოთხოვნა და ფასი საერთაშორისო ბაზარზე ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. მიუხედავად "ჯორჯიან მანგანეზი" ამბობს რომ საწარმოო პროცესის შეჩერების მიუხედავად თანამშრომლებს ხელფასების 60 პროცენტი და სადაზღვევო პაკეტი შეუნარჩუნა.
კომპანიის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მაღაროელები მუშაობას განაახლებენ "ჯორჯიან მანგანეზი" მათ ხელფასების 100 პროცენტს გადაუხდის. ჭიათურელი მაღაროელების ანაზღაურებასთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელსა და მედიაში განსხვავებული ციფრები სახელდება. "კურიერმა" დღეს რეალური ინფორმაცია, როგორც "ჯორჯიან მანგანეზისგან", ასევე მაღაროელებისგან მიიღო.
ჭიათურაში, "ჯორჯიან მანგანეზის" ბიზნესი წამგებიანი მას შემდეგ გახდა, რაც მსოფლიო ბაზარზე ნედლეულის ფასი იატორიულ მინიმუმზე დაეცა და მოთხოვნა კრიტიკულად შემცირდა.ამ კრიზისის ფონზე დასაქმებულების გაფიცვა გრძელდება. ისინი ხელფასის მომატებას ითხოვენ. გაფიცულები ამბობენ, რომ 14 მოთხოვნიდან შესრულდა თითქმის ყველა, თუმცა უცვლელი რჩება ულტიმატუმი ხელფასების 20%-იანი ზრდის მოთხოვნით.
მაღაროელი გიორგი კუპატაძე, რომელმაც პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა, ამბობს, რომ მისი ანაზღაურება მიზერულია. გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები, ხელფასების მომატებამდე გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ,თუმცა იმასაც ამბობენ, რომ კომპანია გარკვეული პერიოდულობით ხელფასს ზრდიდა, რაც მათთვის საკმარისი არ არის.
"ჩვენი მოთხოვნა რაც იყო, ნაწილობრივ შესრულდა. ხელფასის მატებაზე ცივ უარზე არიან. აქვთ ყველაფერი მანდ, არის ჩეკები, ამოიწერეთ და ნახეთ, გამოაქვეყნეთ ყველამ ნახოს, თუ რამდენი გვაქვს ხელფასი - 1457 ლარია და იგონებენ, თითქოს მეტი მაქვს,"-განაცხადა გიორგი კუპატაძემ.
გიორგი კუპატაძის თანხმობით კურიერმა ჯორჯიან მანგანეზიდან სახელფასო ანაზღაურება ოფიციალურად გამოითხოვა. ამონაწერით ირკვევა, რომ გასულ წელს მისი ყოველთვიური ანაზღაურება საშუალოდ 3500 ლარამდე მერყეობს. თავად კომპანიაში ამბობენ, რომ არსებულ ვითარებაში ხელფასების 20 პროცენტით გაზრდა არარეალისტურია და გაფიცულებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.
"ჯორჯიან მანგანეზში" "კურიერს" უთხრეს, რომ საწარმოო პროცესის შეჩერების მიუხედავად დასაქმებულებს შეუნარჩუნეს ხელფასის 60% და სადაზღვევო პაკეტი, სამუშაო პროცესის განახლების შემთხვევაში კი ანაზღაურება 100%-ით აღუდგებათ.
"თანამშრომლებს, რომლებმაც პროტესტი გამოხატეს სამუშაო დროის ცვლილებასთან და შრომის ორგანიზების ცვლილებასთან მიმართებაში, ესენი არიან ვახტური რეჟიმით მომუშავეები, მათი რაოდენობა შეადგენს 708 კაცს და მათზე 2022 წლის მონაცემებით, დარიცხული ხელფასი შეადგენს 25 მლნ 900 000 ლარს, რაც გაანგარიშების მიხედვით, ერთ ადამიანზე საშუალო მაჩვენებელი 3050 ლარია,"-აცხადებს ლაშა თუთბერიძე.
კომპანია დასაქმებულებს განახლებულ სამუშაო რეჟიმს სთავაზობს. საუბარია დღეში 12-საათის ნაცვლად, 8 საათიან გრაფიკზე.. აისახება თუ არა ეს დასაქმებულთა შრომით ანაზღაურებაზე? ამ კითხვაზე კომპანიაში ცალსახა პასუხი აქვთ.
გამოსავალს მოლაპარაკებებში ხედავენ ექსპერტებიც. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ულტიმატუმის ნაცვლად პრობლემა ურთიერთდათმობის და კომპლექსური მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს.
ჭიათურის მაღაროებში 3400 ადამიანია დასაქმებული. ქვეყნის მასშტაბით დიდ ქალაქებს შორის ჭიათურა დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურების მიხედვით უსწრებს ისეთ დიდ და ეკონომიკურად ძლიერ ქალაქებს, როგორიცაა თბილისი , რუსთავი , ქუთაისი , ბათუმი და ზუგდიდი.