26 ნოემბერი 2024,   11:00
ვრცლად
როგორ შეასრულა საქართველომ ბრიუსელის 12 რეკომენდაცია - პასუხს ქვეყანა ევროპელი პარტნიორებისგან ელოდება

პოზიტიური მოლოდინი მთავრობის მეთაურს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით აქვს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპელ ლიდერებს შეხვედრებზე დეტალურად აუხსნა, თუ რა ნაბიჯები გადადგა ქვეყანამ სტატუსის მისაღებად და რატომ არის საქართველოსთვის მისი მინიჭება მნიშვნელოვანი.

მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო წესრიგის ცვლილების გათვალისწინებით, უკრაინისა და მოლდოვისგან საქართველოს გამოყოფა სტრატეგიული შეცდომა იქნება, რაც არც საქართველოს და არც დასავლეთის ინტერესში უნდა იყოს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გეოპოლიტიკური ჭრილის გარდა, ევროკავშირის დადებითი პასუხი საქართველოში პოლარიზაციის ხარისხზეც აისახება და მინიმუმ მის განახევრებას გამოიწვევს.

12-დან 11 რეკომენდაციის შესრულებაზე საუბრობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარეც. ევროკომისიის მიერ გაწერილ პუნქტებზე პარლამენტს კანონმდებლობის მომზადება დასრულებული აქვს. საბოლოო კენჭისყრები ივნისის ბოლოს გაიმართება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთადერთი დეოლიგარქიზაციის საკითხი დარჩება ღიად. მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, კანონის მიღებისგან თავს ევროპელი ლიდერების საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეიკავებენ.

პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა "ნაწილობრივად შესრულებულ პროგრესში" დასახელდა, რადიო თავისუფლებისა და Euractiv-ის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ინფორმაციაშიც. გამოცემები უკვე მეორე დღეა ევროკომისიის ზეპირ ანგარიშზე ბრიუსელიდან ინფორმაციას ავრცელებენ. მედიასაშუალებების წყაროების ინფორმაციით, საქართველოს 12-დან 3 რეკომენდაცია სრულად შესრულებულად შეუფასეს, პოლარიზაციის პუნქტში კი ევროკომისიამ მიუთითა, რომ საჭიროა "უხეში რიტორიკის" დასრულება. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ამ პროცესში საკუთარ როლს ვერ ხედავს და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

კოლეგებისგან განსხვავებით, პოლარიზაციის შემცირებაში, ისევე როგორც რეკომენდაციების შესრულების ნაწილში მხოლოდ მმართველი ძალის პასუხისმგებლობაზე არ საუბრობს ოპოზიციის მეორე ნაწილი. ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელი ოპოზიციამაც უნდა შეუწყოს.

როგორ შეასრულა ქვეყანამ ბრიუსელის 12 რეკომენდაცია პასუხს ახლა ევროპელი პარტნიორებისგან ელოდებიან. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველო დადებით შეფასებას გასულ წელსაც იმსახურებდა და იმედს იტოვებს, რომ დასავლელი მეგობრები სამართლიან გადაწყვეტილებას ამჯერად მაინც მიიღებენ.

საქართველოსთვის ახლა 2 მნიშვნელოვანი პერიოდი ახლოვდება, ერთი შემოდგომაზე, როდესაც ევროკომისია შეფასებას და გადამწყვეტ რეკომენდაციებს დადებს და მეორე წლის ბოლოს, როდესაც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილება გახდება ცნობილი.  

 




დღის ამბები