26 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
მთავრობა სუროგაციასთან დაკავშირებით რეგულაციებს ამკაცრებს - შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია

პრემიერ-მინისტრი იმ არგუმენტებს ასახელებს, რის გამოც სუროგაცია/ინვიტრო განაყოფიერების სფერო რეგულაციაში უნდა მოექცეს. სახელმწიფოს პირველი პირი ამბობს, რომ დღეს სათანადოდ არც სუროგატი დედის და არც ახალშობილის უფლებებია დაცული. ირაკლი ღარიბაშვილი განვითარებული ევროპული სახელმწიფოების მაგალითზე საუბრობს და ხაზგასმით მიუთითებს, რომ რეპროდუქციის საკითხზე სახელმწიფო პასუხისმგებლობით მოქმედებს

ახალი კანონპროექტის ინიციატორი პრემიერ -მინისტრია. რეგულაციების მიხედვით, სუროგაცია აიკრძალება უცხოელი წყვილებისთვის და ეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. კანონპროექტით ვეღარ მოხდება რეპროდუქციული უჯრედის და სუროგატის საჭიროების რეკლამა, თუ ის მატერიალურ სარგებელს ეხება. კლინიკებისთვის აუცილებელი გახდება სპეციალური ლიცენზიის მოპოვება. პროცესს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო გააკონტროლებს.

სუროგაცია/ინვიტრო განაყოფიერების პროცესი მალე კანონით დარეგულირდება. მთავრობის მიერ მომზადებული დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაინიცირდა . ოპოზიციის ნაწილი რეგულაციების მომხრეა, თუმცა წინააღმდეგია, რომ უცხოელ წყვილებს საქართველოს მოქალაქეების სუროგატად გამოყენება აეკრძალოთ.

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ოპონენტებს ევროდირექტივას ახსენებს, სადაც პირდაპირ განსაზღვრულია ის პრინციპები, რომელიც მედიცინის დახმარებით სუროგაცია/ინვიტრო განაყოფიერებას ახლავს.

ევროპის განვითარებულ ქვეყანაში - საფრანგეთში, გერმანიაში , ესპანეთში შვეიცარიაში, შვედეთსა და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოში სუროგაცია სრულად არის აკრძალული. ჰიბრიდული მოდელი დაშვებულია ბელგიაში , დანიაში კანადასა და ავსტრალიაში.

საკანონმდებლო ორგანო სუროგაცია/ინვიტრო განაყოფიერების საკითხის განხილვას საშემოდგომო სესიაზე დაიწყებს. კანონი ძალაში 2024 წლის იანვრიდან შევა.

დღის ამბები