26 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
"ვივამედიდან" ქართულ პოლიტიკაში - მიხეილ სააკაშვილმა ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა

"სააკაშვილი ჯერ დაიხოცა, მერე პოლიტიკაში მოდის" - რაფიელ ერისთავის ცნობილი პიესის ინტერპრეტირებული სახელწოდება მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ახალმა გადაწყვეტილებამ გაახსენა. სააკაშვილი, რომელიც თითქმის 2 წელი ჯანმრთელობის უმძიმეს პრობლემებზე საუბრობდა, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების შემდეგ, ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ გამოცხადებული 600 დღიანი სიკვდილის ქრონიკა, რეალურად სიცრუე იყო და მიზნად ქვეყნის იმიჯის დაზიანებას ისახავდა.

"ვივამედიდან" ქართულ პოლიტიკაში კიდევ ერთხელ შემობრუნებას სპეციალური წერილით გამოეხმაურა პარლამენტის სპიკერიც. შალვა პაპუაშვილმა ჯერ დაწერა შემდეგ კი თქვა, რომ დეზინფორმაციის კამპანიამ, რომელშიც ოპოზიცია, სახალხო დამცველი, ენჯეოები და დასავლელი პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი დააზიანა. პარლამენტის თავმჯდომარე ჩამოთვლილ აქტორებს ქართული საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვს.

პასუხისმგებლობას ევროინტეგრაციის გზაზე წინაღობების შექმნასთან დაკავშირებით ოპოზიცია არ იზიარებს. "ნაციონალურ მოძრაობა" "ქართული ოცნების" ბრალდებებს პატიმარი ექსპრეზიდენტის პოლიტიკაში დაბრუნებით გამოწვეული შიშით ხსნის. "სტრატეგია აღმაშენებელში" კი დღემდე სჯერათ, რომ "ვივამედიდან" პოლიტიკური ლოზუნგებით მოსაუბრე სააკაშვილი კვლავ ძალიან მძიმედაა.

კოლეგების მოსაზრებას არ იზიარებენ "გირჩში". პოლიტიკურ ცენტრში ამბობენ, რომ ისტერიულმა კამპანიამ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, პოლარიზაციის კუთხით ნეგატიურად იმუშავა, რაც ოპოზიციის პასუხისმგებლობაცაა.

მიხეილ სააკაშვილი რომ არავის მოუწამლავს და, მითუმეტეს, არც მის სიცოცხლეს დამუქრებია, ამაზე დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ლობისტების, პარტიებისა და ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილის ქმედებებს სიმულაციური რეალობის შექმნის მცდელობა უწოდა. მთავრობის მეთაური, თანაგუნდელების მსგავსად, სააკაშვილის მხარდამჭერების აღიარებას და ქვეყნისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს.

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილმა ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა. ექს-პრეზიდენტმა დღეს "ვივამედიდან" რამდენიმე მიმართვაც გაავრცელა. მან მომხრეებს კითხვების გაგზავნისკენ მოუწოდა და საკუთარი პოლიტიკური გეგმების გამოქვეყნებას, სიმბოლურად, 5 დღეში დაჰპირდა.

დღის ამბები