26 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
გაჩერებულ საწარმოში მომუშავე თანამშრომლები ხელფასის 60%-ს იღებენ, რაც, ვახტურ ნაწილში დასაქმებულთათვის დაახლოებით, 1500 ლარია, სრული ხელფასი კი გაცილებით მაღალია – კომპანიის დირექტორი

ჭიათურის მაღაროს გაფიცული თანამშრომლებიდან ერთ-ერთმა თვალები ამოიკერა. მან პროტესტის ამ ფორმას მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო მიმართა.

მაღაროელთა მთავარი მოთხოვნა ხელფასების 20 პროცენტით ზრდაა. კომპანია "ჯორჯიან მანგანეზში" აცხადებენ, რომ ე.წ. ვახტური რეჟიმით მომუშავე თანამშრომლების მოთხოვნების ყველა პუნქტზე შეჯერდნენ, გარდა ხელფასის მატებისა.

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" გენერალური დირექტორის, ლაშა თუთბერიძის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის, კომპანიის ზარალი 32 მლნ დოლარს შეადგენს. მიუხედავად ამისა, მაღაროელებს, რომლებიც ე.წ. ვახტურ ნაწილში მუშაობენ, ხელფასი 3 ათასზე მეტი აქვთ, ხოლო არავახტურ ნაწილში დასაქმებულებს - 2300-ზე მეტი. გარდა ამისა, ჰოლდინგში დასაქმებულებს ემსახურება უფასო ტრანსპორტი, აქვთ დაზღვევის პაკეტი, უფასო კვება, მრავლშვილიანი ოჯახები იღებენ სოციალურ დანამატებს, სადღესასწაულო დღეებში გაიცემა პრემიები, წლის ბოლოს კი - მეცამეტე ხელფასი.
კომპანიის დირექტორის თქმით, გაჩერებულ საწარმოში მომუშავე თანამშრომლები ხელფასის 60 პროცენტს იღებენ, რაც, დაახლოებით, ვახტურ ნაწილში დასაქმებულთათვის 1500 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება, უშუალოდ იმ პირს, რომელმაც თვალები ამოიკერა, სოციალურ ქსელში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაღაროელის ხელფასი, რომელმაც უკიდურეს ფორმას მიმართა, საშუალოდ 3500 ლარია, რაც მოიცავს ძირითად ხელფასს და დამატებითი სამუშაოს ხარჯებს. საწარმოო პროცესის შეჩერების ფონზე, მას, ისევე როგორც სხვა დასაქმებულებს, ხელფასის 60% ერიცხებათ და უნაზღაურდებათ სადაზღვეო პაკეტიც.

დღის ამბები