26 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შონ ო’ფარელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე შონ ო’ფარელს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და ირლანდიას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას მიმდინარე თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გააქტიურების კონტექსტში. განსაკუთრებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული დინამიკური საპარლამენტო ურთიერთობები.

ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ ქვეყნებს შორის დიდი სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალია, რომელიც სრულად უნდა იქნას ათვისებული. საუბარი შეეხო მსხვილ ირლანდიურ ინვესტიციებსა და საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესკლიმატს.

შეხვედრაზე აღინიშნა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები და გამოითქვა იმედი, რომ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ დაფასდება. პრემიერ-მინისტრის თქმით, ირლანდიის აქტიური პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. ითქვა, რომ ხელისუფლება ინკლუზიურად, თანმიმდევრულად და გამჭვირვალედ ასრულებს 12 პრიორიტეტს და ქვეყანა რჩება ევროკავშირის საიმედო პარტნიორად რეგიონში.

მთავრობის მეთაურმა ირლანდიის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, აგრეთვე აღინიშნა ირლანდიის მნიშვნელოვანი წვლილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების საკითხებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციის წევრები და საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარტინა ფინი, ხოლო საქართველოს მხრიდან: საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირლანდიაში გიორგი ზურაბაშვილი ესწრებოდნენ.

დღის ამბები