26 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
გაერთიანებული სამეფო საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ჩვენი სანდო და ერთგული მოკავშირეა - ირაკლი ღარიბაშვილი

დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი მეფე ჩარლზ მესამის დაბადების დღის აღსანიშნავ ოფიციალურ მიღებას მასპინძლობს. მიღებას საქართველოს მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დეპუტატები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

მიღებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა და მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე დიდი ბრიტანეთის როლზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ინგლისის პარტნიორულ ურთიერთობებსაც.

"ჩემთვის პატივი და სიამოვნებაა, ვიმყოფებოდე აქ და გულითადად ვულოცავდე მონარქის დაბადების დღეს მის უდიდებულესობას მეფე ჩარლზ III-ს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ხალხს ამ ისტორიულ დღეს.

გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდა რეგიონში უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების ფონზე. ნება მიბოძეთ, ქართველი ხალხისა და ჩემი მთავრობის სახელით, უდიდესი მადლიერება გამოვხატო გაერთიანებული სამეფოს მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. გაერთიანებული სამეფო საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ჩვენი სანდო და ერთგული მოკავშირეა.

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა 1919 წლიდან იღებს დასაბამს, როდესაც სერ ჯონ ოლივერ და მარჯორი უორდროპებმა საფუძველი ჩაუყარეს ჩვენს ქვეყნებს შორის ხანგრძლივ მეგობრობას. ამდენად, მხოლოდ სიმბოლური არ არის ის ფაქტი, რომ ჩვენ ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატში.

საქართველოში ახლახან იმყოფებოდა მდივანი ჯეიმს ქლევერლი და ამ ვიზიტით დადასტურდა გაერთიანებული სამეფოს მიერ რეგიონისადმი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისადმი ნაკისრი ვალდებულება, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს, თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპებს. მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო გაერთიანებული სამეფოს მთავრობას ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში ჩართულობისათვის და, ჯეროვანი მმართველობის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში, ჩვენი დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობისთვის.

დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგ, ჩვენ რამდენიმე ომი გამოვიარეთ და კარგად ვიცით მეგობრების გვერდში დგომის ფასი. დიდად ვიმედოვნებთ, რომ გაერთიანებული სამეფო ურყევად გააგრძელებს ჩვენს დახმარებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე. გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, საქართველო ყოველთვის იცავდა საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ წყობას და ყოველთვის ემხრობოდა საერთაშორისო ფუნდამენტურ ნორმებსა და ადამიანის უფლებებს, რადგან ესაა მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების შექმნის გარანტი.

ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის სფეროში თავდაცვა და უსაფრთხოება ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ნაწილია და მოიცავს ტრადიციულსა და არატრადიციულ მიმართულებებს. დიდად მადლობელი ვართ მისი უდიდებულესობის მთავრობის იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს მედეგობის გაძლიერებას ემსახურება.

მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გავაღრმავებთ კავშირებს და ახალ სამიზნე ორიენტირებს დავსახავთ ჩვენი პარტნიორობის გზაზე, რათა იყოს მშვიდობა და სტაბილურობა ეკონომიკური აღმავლობისა და ჩვენი ერების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები