26 ნოემბერი 2024,   10:59
ვრცლად
"ხალხის ძალა" კელი დეგნანს ანტისახელმწიფოებრივად მოქმედი ჯგუფების მხარდაჭერაში ადანაშაულებს - მოძრაობამ მორიგი წერილი გამოაქვეყნა

"ხალხის ძალა" კელი დეგნანს ანტისახელმწიფოებრივად მოქმედი ჯგუფების მხარდაჭერაში ადანაშაულებს. მოძრაობამ დღეს დიპლომატის მისამართით, მორიგი კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა. პოლიტიკოსები სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენლისგან ითხოვენ ახსნას - რატომ გაუგზავნა ავტომობილები ბორჯომის ბანაკის მონაწილეებს და რატომ ჩავიდა ბაკურიანში მათი თქმით, რევოლუციური ტრენინგის მონაწილეებთან. საზოგადოებრივ მოძრაობაში დღეს ამტკიცებდნენ, რომ მათი მიზანი ამერიკასთან თანასწორი პარტნიორული ურთიერთობების მიღწევაა.

"ხალხის ძალის" კითხვები, რომ ლეგიტიმურია ამაზე დღეს საპარლამენტო უმრავლესობაშიც ისაუბრეს. თუმცა კანონმდებლებმა პერსონალურად ელჩზე არაფერი თქვეს და იმედი გამოთქვეს, რომ დიპლომატიური მისია ყველა საეჭვო კითხვის ნიშანს სწორი რეაქციით გააქრობს.

ბორჯომში ძალადობრივი ჯგუფებისგან გამოსარიდებლად გაგზავნილ ავტომობილებში, საეჭვოს ვერაფერს ხედავს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები "ხალხის ძალას" მორიგ ჯერზე, ანტიდასავლური განწყობების გაღვივებაში ადანაშაულებენ.

კელი დეგნანის კრიტიკისგან თავი შეიკავეს მმართველი პარტიის ლიდერებმაც. "ქართული ოცნების" მმართველი რგოლის წარმომადგენლების თქმით, დიპლომატი მალე მისიას ასრულებს, ახალი ელჩისგან კი პოზიტიური დღის წესრიგის შემოტანის მოლოდინი აქვთ. პოლიტიკოსებმა ქვეყნის მთავარ მიზნად დღეს პოლარიზაციის ხარისხის შემცირება დაასახელეს და თქვეს, რომ ამ საქმეში შეერთებული შტატების საელჩოს როლი მნიშვნელოვანი იქნება.

"ხალხის ძალის" კრიტიკულ წერილს, დღეს შეერთებული შტატების საელჩოდან არავინ გამოხმაურებია. საზოგადოებრივი მოძრაობის კითხვები, როგორც ადრე - ამჯერადაც უპასუხოდ დარჩა.

დღის ამბები