26 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
სამწუხაროდ, ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებში, ეროვნული ბანკის მომავალ პრეზიდენტს ვერ ვხედავ - რომან გოცირიძე

სალომე ზურაბიშვილისგან ეროვნული ბანკის საბჭოში ისეთი ძლიერი კანდიდატების წარმოდგენას ველოდით, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებოდნენ და "ქართულ ოცნებას" სალაპარაკო აღარ ექნებოდა. სამწუხაროდ, ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებში ეროვნული ბანკის მომავალ პრეზიდენტს ვერ ვხედავ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არა მხოლოდ პროფესიონალი უნდა იყოს, არამედ ძლიერი პიროვნება.

"მათ პროფესიონალიზმის თვალსაზრისით არაფერი დაეწუნებათ და საბჭოს რიგით წევრებად წარდგენა აბსოლუტურად ნორმალური, ლოგიკური იქნებოდა. მოცემულ შემთხვევაში, როცა ეროვნული ბანკის საბჭოში არის შვიდი წევრი და ასარჩევია ორი ახალი წევრი, პარლამენტის მიერ მათი არჩევის შემთხვევაშიც ვიღებთ რეალობას, როცა ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი არ არსებობს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა აკმაყოფილებდეს არა მხოლოდ ისეთ მოთხოვნებს, როგორებიცაა პროფესიონალიზმი და წესიერება, არამედ უნდა იყოს ძლიერი პიროვნება, განსაკუთრებით მაშინ, როცა არაფორმალური მმართველობის პირობებში მასზე ზეწოლის და ზემოქმედების რისკები არსებობს. „ქართული ოცნების“ ამოცანაა, ეროვნულ ბანკი მორჩილმა პრეზიდენტმა მართოს – ეროვნული ბანკის თითოეული წევრი, რომელიც მურუსიძეობას იკისრებს და ეროვნული ბანკის საბჭოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მსგავსს ყურმოჭრილ ორგანიზაციად გახდის, ამაზე პასუხს აგებს," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარუდგინა.

დღის ამბები