26 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
იმის მოლოდინი მაქვს, რომ ევროპა იზრუნებს საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი - გიორგი ბოტკოველი კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია”-ს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, მოლოდინი აქვს, რომ ევროპა იზრუნებს საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში ყველა ძალა იმისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

"ჩვენი ქმედება უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ ჩვენი ნებისმიერი კონტაქტებით, ურთიერთობებით ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, ყველა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც უშუალოდ ლობისტი უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოსი, რათა გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები და ამ შემთხვევაში, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, რა თქმა უნდა, იმის მოლოდინი მაქვს, რომ ევროპა იზრუნებს საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

პარლამენტის წევრის, პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივნის სალომე სამადაშვილის განცხადებით, არც ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო არ არის განწყობილი, მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას.

"ვვარაუდობ, კომისიის დასკვნა იქნება, რომ არ არის განხორციელებული ევროკავშირის მოთხოვნები, ამავე დროს დაიტესტება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების განწყობები. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, დღეს ფაქტობრივად, არც ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო არ არის განწყობილი მხარი დაუჭიროს სტატუსის მინიჭებას, მაგრამ არსებობს გეოპოლიტიკური მოსაზრებებიც და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს გეოპოლიტიკური მოსაზრებები გადაწონის იმ მიზანმიმართულ საბოტაჟს, რომელიც წარმართა "ქართულმა ოცნებამ", - განაცხადა სამადაშვილმა.

"გირჩის" წევრის ჰერმან საბოს თქმით, იმედი აქვს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ.

"ეს პოლიტიკური ამბავია და ჩვენი პოლიტიკური იმიჯის გამო, თავის დროზე არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, ახლა ვიმედოვნებ, რომ სიტუაცია შეცვლილია. მათ შორის, გადააფასეს დასავლეთში ის, თუ რა სცენარი განვითარდა 2008-ში საქართველოს გარშემო და რა როლი უნდა ეკისრათ მათ. ჩემი აზრით, ისევე როგორც უკრაინას ეხმარებიან, ჩვენც უნდა დაგვხმარებოდნენ და ამ ყველაფრის გათვალისწინებით მაქვს იმედი, რომ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს", - განაცხადა ჰერმან საბომ.

დღის ამბები