პიატიხატკას გარდა, უკრაინელმა სამხედროებმა ორი კვირის განმავლობაში, კიდევ 8 დასახლება გაათავისუფლეს. ოფიციალურ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საერთო ჯამში სამხედროებმა 113 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნეს.
შეტაკებების შედეგად, საოკუპაციო ძალამ, მხოლოდ ერთ კვირაში 4600-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. ოფიციალური კიევის ცნობითვე, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა აგრესორის ინფრასტრუქტურას და მძიმე ტექნიკას.
ინტენსიური ცეცხლია ფრონტის მთელ პერიმეტრზე. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსულმა არმიამ უკრაინის ჯარისკაცების პოზიციებს მინიმუმ 60-ჯერ დაარტყა. საპასუხო იერიში მიიტანეს აგრესორის ზონაზე. ჩამოგდებულია "კა-52" ტიპის საბრძოლო ვერტმფრენი და რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატები.
რუსეთის არაერთი ბრალდების მიუხედავად, კიევი უარყოფს კავშირს ბელგოროდში მომხდარ აფეთქებებთან. ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, შეტევა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა. მძიმე დაზიანებები მიიღო 8 მშვიდობიანმა მოქალაქემ.
2 სამოქალაქო პირი დაიღუპა რუსული იერიშის შედეგად სუმში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, ოლქში მინიმუმ 200 აფეთქება დაფიქსირდა. კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა იყო სამიზნე ნიკოპოლში. საჰაერო შეტევა ოკუპანტებმა ოდესის და ხარკოვის მიმართულებითაც განახორციელეს.
რაკეტები, რომელსაც აგრესორი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს 81%-ით ამერიკული ელექტრონული კომპონენტებისგან შედგება. ამის შესახებ ერმაკი-მაკფოლის ჯგუფის დოკუმენტშია საუბარი, რომელიც უკრაინულმა გამოცემა "ლიგა.ნეტმა" მოიპოვა. ამავე დოკუმენტის მიხედვით, მიკროჩიპების 8 პროცენტი შვეიცარიაში, 3.5-3.5 კი გერმანიასა და იაპონიაში იწარმოება. საკითხს ზელენსკის აპარატში გამოეხმაურნენ.
ერმაკი-მაკფოლის ექსპერტთა ჯგუფი, სანქციების სტრატეგიაზე მუშაობს და მათი აღსრულების ეფექტიანობას აკვირდება. მას, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი და რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი ხელმძღვანელობენ. მათი ვარაუდით, რუსეთი, მისთვის დაწესებული შეზღუდვების ხარვეზით სარგებლობს და მესამე ქვეყნების დახმარებით საერთაშორისო სანქციებს თავს არიდებს.