26 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
ამერიკული ტყვიები, რომლითაც რუსი სნაიპერები უკრაინელებს კლავენ - გავლენიანი გამოცემა Politico სკანდალურ საგამოძიებო მასალას აქვეყნებს

ამერიკული იარაღი რუსულ არსენალში - რუსულმა კომპანიებმა დასავლური მომწოდებლებისგან ასობით ათასი ტყვია მიიღეს. გამოცემა "პოლიტიკოს" მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ და დასავლეთის სანქციების მიუხედავად, მოსკოვთან ვაჭრობა გრძელდება. აშშ-ში არსებული სამართლებრივი სასჯელის მიუხედავად, მაინც ხდება საბრძოლო მასალის რუსული კომპანიებისთვის მიწოდება, რაც მილიონი დოლარის ოდენობით ჯარიმას ან 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგამოძიებო სტატიაში მოყვანილია "ტელეგრამ" არხებზე გავრცელებული რუსული დაჯგუფება "ვაგნერის" სნაიპერების ინტერვიუები, სადაც ჩანს თუ როგორ იყენებენ ისინი ამერიკულ საბრძოლო მასალას.

Politico-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტები მიუთითებს, რომ ე.წ. სანქცირებული რუსული სამხედრო მრეწველობის კომპანიებმა ,"პრომტეხნოლოგიამ", "ტეტის პრომ" და "ორსის თი -5000-მა" ასობით ათასი ტყვია-წამალი ამერიკული კომპანია "ჰორნეიდისგან" შეიძინეს. ეს უკანასკნელი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქციების სიაშია შეყვანილი. როგორც ირკვევა, ვაჭრობის დეტალები, მათ შორის იმპორტიორები, მომწოდებლები და პროდუქტის აღწერილობა - თავისუფლად შესაძლებელია ნებისმიერმა მსურველმა მოიძიოს თუ წვდომა აქვს რუსულ ინტერნეტზე და ფლობს საერთაშორისო საბაჟო კლასიფიკაციის კოდებს. კომპანია "ჰორნეიდი" რუსეთისთვის იარაღის მიყიდვას უარყოფს, ვაგნერის მეთაური ევგენი პრიგოჟინი კი აცხადებს, რომ მათ უკრაინის არმიიდან შემორჩენილი ნატოს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ჰქონდათ.

POLITICO-მ გამოძიების დროს აღმოაჩინა რამდენიმე სხვა რუსული კომპანიის დეკლარაციები გერმანიაში, ფინეთსა და თურქეთში წარმოებული საბრძოლო მასალის შესახებ. როგორც ჩანს, რუსეთთან ვაჭრობაში არა მხოლოდ ამერიკული, არამედ სლოვენიური ორგანიზაციებიც ფიგურირებენ. ევროკავშირში ამ ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ დადასტურების შემთხვევაში, აღნიშნული შემთხვევებს გამოიძიებენ.

როგორ ხვდება დასავლური წარმოების ზუსტი სროლისთვის განკუთვნილი ვაზნები რუსულ იარაღში?- თავდაცვის ექსპერტების შეფასებით, ომმა გამოააშკარავა, რომ რუსეთს სნაიპერული აღჭურვილობის წარმოება არ შეუძლია, რაც ხელს უწყობს დასავლური საბრძოლო მასალის შავ ბაზარზე მოხვედრას.


 

დღის ამბები