26 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
უცხოელი წყვილებისთვის პირველი იანვრიდან სუროგაცია იკრძალება - რატომ გამკაცრდა კანონი და რომელი დასავლური ქვეყნების მაგალითით იხელმძღვანელა საქართველომ

სუროგაცია, ინვიტრო განაყოფიერების პროცესი, მალე კანონით დარეგულირდება. მთავრობის მიერ მომზადებული დოკუმენტი, საკანონმდებლო ორგანოში, ბიუროს სხდომაზე დღეს დაინიცირდა. მმართველ გუნდში თვლიან, რომ ქვეყანაში რეპროდუქციის კუთხით ყველა ის სტანდარტი უნდა მოქმედებდეს, რომელიც განვითარებულ სახელმწიფოებს გააჩნიათ.

მთავრობამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა, მიზეზი მოქალაქეების უსაფრთხოებაა. სახელმწიფოს პირველ პირებს მიაჩნიათ, რომ დაცული უნდა იყოს, როგორც სუროგატი დედის, ასევე ახალშობილის უფლებები. ახალ ინიციატივაზე გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ისაუბრა. ჯანდაცვის მინისტრმა კი დღეს კიდევ ერთხელ განმარტა რეგულაციების აუცილებლობა, რადგან გაურკვეველია ბავშვების გასხვისების პროცესი და კონტროლს მიღმაა ამ მიმართებით კლინიკების საქმიანობა.

ახალი კანონპროექტით, სუროგაცია აიკრძალება უცხოელი წყვილებისთვის და ეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული.

კანონპროექტით ვეღარ მოხდება რეპროდუქციული უჯრედის და სუროგატის საჭიროების რეკლამა, თუ ის მატერიალურ სარგებელს ეხება. კლინიკებისთვის აუცილებელი გახდება სპეციალური ლიცენზიის მოპოვება. საპარლამენტო ოპოზიცია ახალი რეგულაციების წინააღმდეგი არ არის, თუმცა თვლიან, რომ კანონპროექტმა მოქალაქეებს თავისუფალი არჩევანის უფლება უნდა დაუტოვოს.

ოპოზიციის კრიტიკა არ უკვირთ უმრავლესობაში. ჯანდაცვის კომიტეტში ამბობენ, რომ განხილვის პროცესში კლინიკების ხელმძღვანელები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან. რეგულაციების შემუშავება, მხარეების პოზიციების გათვალისწინებით მოხდება.

ევროპის ბევრ განვითარებულ ქვეყანაში - საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, შვეიცარიაში, შვედეთსა და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოში, სუროგაცია სრულად არის აკრძალული. ჰიბრიდული მოდელი დაშვებულია ბელგიაში, დანიაში, კანადასა და ავსტრალიაში. საკანონმდებლო ორგანო, სუროგაცია, ინვიტრო განაყოფიერების საკითხის განხილვას, საშემოდგომო სესიაზე დაიწყებს. კანონი ძალაში 2024 წლის იანვრიდან შევა.

დღის ამბები