ეკოციდი უკრაინაში - კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმის გამო, არ მუშაობს წყლის გამწმენდი სისტემები და დაბინძურებული წყალი სასმელ წყალს ერევა, რაც ინფექციების გავრცელების ალბათობას ზრდის. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო დატბორილ რაიონებში "ა" ჰეპატიტის, მწვავე ნაწლავური ინფექციების, მათ შორის ქოლერას და ბოტულიზმის შემთხვევების მატების შესახებ აფრთხილებს მოსახლეობას. არსებობს ციმბირული წყლულის გავრცელების საშიშროებაც. უკრაინის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს გაეროც.
უკრაინის სამხრეთში 90-მდე სადამკვირვებლო ჯგუფი მუშაობს. ისინი ნიმუშებს აგროვებენ და წყლის ხარისხს აკონტროლებენ. ექსპერტებმა მიკოლაივის რეგიონის ქალაქ სნიგირევკას მახლობლად მდინარე ინგულეტში ამონიუმის აზოტის, ნიტრატების, ქლორიდების, რკინის და შეჩერებული მყარი ნივთიერებების დასაშვები დონის ჭარბი რაოდენობა აღმოაჩინეს. ოდესაში კი, შავი ზღვის სანაპირო იმ დონეზე დაბინძურდა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მოსახლეობას წყალთან მიახლოება და მასში ბანაობა აუკრძალა.
კიდევ ერთი რეალური საფრთხე, წყალში მოხვედრილი შხამ-ქიმიკატებია, რომლებსაც ფერმერები საცავებში ინახავდნენ. ეკოლოგები მოსალოდნელი რისკების შესახებ, უკრაინის მეზობელ ქვეყნებსაც აფრთხილებენ.
აღმოჩნდა, რომ ბულგარეთი ნამდვილად დაზარალდა. ქვეყანაში მკაცრი ზომები მიიღეს. შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც წყლის ხარისხს ამოწმებენ. ექსპერტების თქმით, სანაპირო ზოლთან არსებული წყალი დაბინძურდა. პარალელურად, უკრაინაში დაწყებულმა ინფექციებმაც იჩინა თავი. ბულგარეთში დღეს დილით პირუტყვიც დაიხოცა.
შეშფოთებულია მსოფლიო. ნატო-მ ჰესზე თავდასხმა დაგმო. ევროპარლამენტმა კი, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება ომის დანაშაულად აღიარა. უკრაინა ბრალს რუსეთს სდებს, რასაც ოფიციალური მოსკოვი უარყოფს. სანამ მხარეები ერთმანეთს ბრალდებებს უყენებენ, ექსპერტები განგაშს აცხადებენ და მოსახლეობას აფრთხილებენ. გარემოს გარდა, დიდია ადამიანური ზარალი - კაშხალზე თავდასხმის გამო, დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა, 31 მოქალაქეს კი, ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.