26 ნოემბერი 2024,   10:55
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში - მმართველი გუნდის შეფასებით, პატიმარი ექსპრეზიდენტის ბოლო განცხადებამ, მძიმე ჯანმრთელობის შესახებ ყველა ინფორმაცია გააქარწყლა

სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების სურვილმა, "ქართული ოცნების" თქმით, ყოფილი პრეზიდენტის მძიმე ჯანმრთელობის შესახებ არსებული ყველა ინფორმაცია გააქარწყლა. მმართველი პარტია ტყუილს და სიმულაციას უწოდებს იმ განცხადებებს, რომელიც ექსპრეზიდენტის უმძიმეს მდგომარეობაში ყოფნას ეხებოდა და ახლა ყველას, ვინც მსგავსი ტიპის კომენტარებს აკეთებდა, ბოდიშის მოხდას ურჩევს. ამის პარალელურად, მმართველი ძალა სვამს კითხვას - "თუ სააკაშვილი ნამდვილად ცუდადაა, როგორ აპირებს პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას?"

სიმულაციაზე აპელირება არასერიოზულია, როგორც მიხეილ სააკაშვილის ოჯახისთვის, ისე მისი პარტიისთვის, სადაც ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ამას, მათი თქმით, არაერთი სამედიცინო დასკვნა ადასტურებს.

პარტიისა და ოჯახისგან განსხვავებით, სააკაშვილის გაუმჯობესებულ მდგომარეობაზე საუბრობს "ვივამედის" კლინიკური დირექტორი. ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მეტ-ნაკლებად ექიმთა რეკომენდაციებს ითვალისწინებს.

სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი, მის ჯანმრთელობაზე ეჭვებს უჩენს ოპოზიციის ნაწილსაც.

"გირჩშიც" ფიქრობენ, რომ აქამდე, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობაზე გაკეთებული ყველა განცხადება სიცრუეა და მათი ავტორებისგან საჭიროა ბოდიში. თეონა აქუბარდია კი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გააქტიურება, გათავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი სტრატეგიაა.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ სააკაშვილი, საკუთარმა პოლიტიკურმა გეგმებმა, ტყუილში ამხილა. მათი თქმით, დადასტურდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი არც ისე მძიმედ იყო, როგორც ამას მისი თანაპარტიელები, ოჯახის წევრები და ევროპარლამენტარები ამტკიცებდნენ. მმართველ ძალაში განმარტავენ, რომ სააკაშვილის სტრატეგიის ცვლილების მიზეზი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა. ევროსასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს უარი უთხრა ვარშავაში მკურნალობაზე და ამავე დროს, სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით, მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გაავრცელა. მის ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციის ნაწილი მაშინვე კრიტიკით შეხვდა. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ სააკაშვილის ფაქტორი ოპოზიციისთვის გამარჯვების მომტანი ვერ იქნება.

დღის ამბები