26 ნოემბერი 2024,   10:56
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ვაკის პარკის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - სხდომაზე ბოლო წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ვაკის პარკის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე დასკვნით სიტყვას იტყვის პროკურორი, მანამდე კი ბოლო წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება. პროცესი დასკვნით ეტაპზეა, 9 დაკავებულიდან ბრალს არც ერთი არ აღიარებს.

"დღევანდელი პროცესი უკვე იქნება ეტაპი, როდესაც გადავდივართ დასკვნით სტადიაზე და მხარეებმა უნდა წარადგინონ დასკვნითი სიტყვები. პირველი ბრალდების მხარე წარადგენს დასკვნით სიტყვას, რის შემდეგაც დაცვის მხარე წარვადგენთ დასკვნით სიტყვას და შევეცდებით სასამართლო დავარწმუნოთ იმაში, რომ ბრალდებულები არიან უდანაშაულო," - აცხადებს ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.

პროკურატურა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით ბრალდებულების ბრალეულობა დასტურდება.

"დღევანდელ სხდომაზე ვიტყვით დასკვნით სიტყვას. მიმოვიხილავთ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. დეტალურად  გავარჩევთ მას თუ რას ადასტურებენ. აღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება წარმოდგენილი ბრალდებულების ბრალეულობა, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სასამართლომ საბოლოო ჯამში უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება გამამტყუნებელი განაჩენის სახით," - განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.

დღის ამბები