26 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
დეოლიგარქიზაცია - ევროკავშირის მე-5 რეკომენდაცია და ვენეციის კომისიის დასკვნა, რა სახით უნდა მიიღონ კანონი, რომელმაც ქვეყანაში ოლიგარქიული გავლენები უნდა შეამციროს

ევროპული დავალებიდან 12 თვის შემდეგ 12 რეკომენდაცია თითქმის შესრულებულია. ზუსტად ერთი წელი და მინუს ერთი რეკომენდაცია- დეოლიგარქიზაცია, საკითხი, რომელმაც ქართულ პოლიტიკაში აზრები ისევ ორად გაყო. პერსონალური თუ სისტემური მიდგომა? დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე მმართველი გუნდი დამატებით განმარტებებს მას შემდეგ ითხოვს, რაც ვენეციის კომისიამ უკრაინული კანონის ქართული ანალოგი დაიწუნა და საკითხზე პერსონალური მიდგომის ნაცვლად სისტემური რეფორმების გატარება ურჩია.

ვენეციის კომისიის შენიშვნები სრულად გაიზიარა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ. თუმცა მმართველი გუნდისთვის ეს საკმარისი არ არის, რადგან "ქართული ოცნება" ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის პოზიციებს შორის შეუსაბამობას ხედავს. მათი აზრით, მეხუთე პუნქტში გაწერილ დეოლიგარქიზაციის მოთხოვნაში ევროკომისიამ პერსონალური მიდგომა იგულისხმა. დიპლომატმა კი ღიად თქვა, რომ სწორი- სისტემური მიდგომა იქნება.

ამასთან, გასულ წელს კელი დეგნანი ამტკიცებდა, რომ უკრაინული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინამ ვენეციის კომისიიდან გაიწვია. თუმცა 6 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ევროსაბჭოს ინსტიტუტმა, როგორც ქართული, ისე უკრაინული კანონპროექტი შეისწავლა და რეკომენდაციები გასცა. ვინ შეიყვანა ელჩი შეცდომაში და რას ემსახურებოდა მისი განცხადება?- დიპლომატი დუმს, თუმცა მმართველი გუნდი ამბობს, რომ კელი დეგნანის ნათქვამმა საქართველოში პოლარიზაცია გააღრმავა.

დიპლომატების არაერთგვაროვანი მოსაზრებების მიღმა საკუთარი პოზიცია აქვთ ქართულ ოპოზიციაში. "გირჩში" ფიქრობენ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ქვეყანამ საერთოდ არ უნდა მიიღოს. ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის შეუსაბამო განცხადებების მიღმა კი არ გამორიცხავენ, რომ სწორედ მათივე კოლეგები იდგენ.

მაშინ როცა, ევროპელმა ლიდერებმა, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მიცემა გადაწყვიტეს, 12 პრიორიტეტიც შეთანხმდა. მეხუთე პუნქტად სწორედ დეოლიგარქიზაცია ჩაიწერა, "ქართული ოცნება" უკრაინული კანონის ანალოგზე შეთანხმდა. კანონპროექტის ორი მოსმენით მიღების შემდეგ კი მმართველმა გუნდმა ის ვენეციის კომისიაში გაგზავნა.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ ეს ნაბიჯი პოზიტიურად შეაფასა. მალევე 14 მარტს, დადებით ნაბიჯ ს ვენეციის კომისიის შუალედური დასკვნაც მოჰყვა. შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ დოკუმენტი ისევ კომისიაში გაიგზავნა. თვეების განმავლობაში პროცესზე მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში აქტიურად მიმდინარეობდა, თუმცა ოპოზიციის გარკვეული ნაწილის გარეშე. ნახევრად ცარიელი დარბაზის მიღმა იყო მხოლოდ კრიტიკა, თუმცა დღესაც კონკრეტიკის გარეშე, მმართველი გუნდის ოპონენტები ისრების გადატანის პოლიტიკას ირჩევენ და არც ამერიკის ელჩის განცხადებაზე და არც დაუმთხვევენ პოზიციებზე საუბრობენ. ამბობენ მხოლოდ ერთს, რეკომენდაციები უნდა შესრულდეს.

ოპოზიციის მოწონებული კანონი, რომ არახელსაყრელი მათთვისვე აღმოჩნდა, ამაში მმართველი გუნდი საბოლოოდ დარწმუნდა. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ჩანაწერი ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს ფუნდამენტშივე აწყობდა, რომ სპეკულაციებისთვის სივრცე გაეხსნათ, თუმცა საკითხი საბოლოოდ მათ წინააღმდეგ შემობრუნდა. და მაინც "ქართული ოცნება" პირობას დებს, რომ თუ ევროკომისია და ევროპული საბჭო, ვენეციის კომისიასთან თანხმობას დაადასტურებენ და საკითხი რეფორმების გეგმიდან მოიხსნება, კანონი თებერვალში გაუქმდება.

12 პუნქტზე მუშაობა ივნისის ბოლოს დასრულდება. ჯერი ახლა ევროკომისიაზეა. საქართველო კანდიდატის სტატუსს ელოდება.

ავტორი: იზი ბურნაძე

დღის ამბები