მსჯავრდადებული საკნიდან სამსახურში მიდის - ციხეში შესწავლილი პროფესია მან შემოსავლის წყაროდ ციხეშივე აქცია. მას შემდეგ, რაც მის მიერ დამზადებულ ტყავის აქსესუარებზე მოთხოვნა გაიზარდა, პატიმარმა ინდმეწარმედ დარეგისტრირება გადაწყვიტა. ეს აქამდე მარტივი არ იყო - ახლა მსჯავრდადებულს იურიდიული მომსახურების მიღება ციხის ტერიტორიაზე გახსნილ იუსტიციის სახლში, წინასწარი ჯავშნით შეუძლია. რუსთავის N16-ე დაწესებულება ერთ-ერთი პირველია, სადაც ინოვაციური პროექტი ამოქმედდა.
იუსტიციის სახლით სარგებლობას რუსთავის N16-ე დაწესებულების 300-მდე მსჯავრდადებული შეძლებს. გიორგი ერთ-ერთია, ვინც სასურველი დოკუმენტი უკვე აიღო. ახლად გახსნილი იუსტიციის სახლიდან ატესტატის აღება მან რამდენიმე წუთში შეძლო და ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება.
იუსტიციის სახლები, ამ ეტაპზე, ორ პენიტენციურ დაწესებულებაში გაიხსნა. პროექტს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. თუ კი აქამდე მესამე - მინდობილი პირი და დიდი დრო სჭირდებოდათ, ახლა მსჯავრდადებულები ყველა მომსახურებას სწრაფად და მარტივად მიიღებენ. პატიმრებთან ერთად, ციხის ტერიტორიაზე გახსნილი იუსტიციის სახლებით პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებიც ისარგებლებენ.
დამზადებულია საქართველოში - ამ ნიშნის ქვეშ მოქმედი ინოვაცოური პროექტი იუსტიციის მინისტრის ინივიატივით ამოქმედდა. რუსთავის მე-5 და 16 პენიტენციური დაწესებულებების შემდეგ, წლის ბოლომდე იუსტიციის სახლები გლდანისა და ქუთაისის ციხეებშიც გაიხსნება.
ინოვაციური ქართული პროექტი მალე საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებსაც მოიცავს. მსჯავრდებულები სასჯელის მოხდის პერიოდში იუსტიციის სახლის სერვისებით ისევე ისარგებლებენ, როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეები.