26 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
საავტორო უფლებათა კანონპროექტი, რომელმაც არტისტების უფლებების დაცვა უნდა გააძლიეროს, ისევ დაპირისპირების საგანია - რატომ აპროტესტებს მას ასოციაციის ხელმძღვანელი

გამჭვირვალობა, სწორი ანგარიშვალდებულება და კარგი მმართველობა - ეს ის სამი მთავარი პრინციპია, რომელიც კულტურის კომიტეტმა საავტორო უფლებათა კანონპროექტის შემუშავებისას გაითვალისწინა. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, პარლამენტის წევრი ბაია კვიციანი ამბობს, რომ ცვლილებებმა ის პრობლემები უნდა მოაგვაროს, რომელსაც ხელოვანები მათი ინტელექტუალური საკუთრების დაცვისას აწყდებიან. პროექტი პირველი მოსმენით უკვე მხარდაჭერილია, თუმცა, კულტურის კომიტეტში პარალელურად, სამუშაო შეხვედრები მაინც მიმდინარეობს.

გუშინდელი სხდომის მუშაობაში, კომიტეტის წევრებთან ერთად, საერთაშორისო ექსპერტებიც მონაწილეობდნენ. შეხვედრა პროექტის ავტორებმა საერთაშორისო ორგანიზაციის სიზაკის წერილით გახსნეს, რომელიც პარლამენტს კანონპროექტის უკან გაწვევას სთხოვდა. ბაია კვიციანი ამბობს, რომ მოთხოვნა გაუგებარია. მან ეს პოზიცია სიზაკის წარმომადგენლებს პირადადაც გააცნო.

სიზაკის მოთხოვნა გაუგებარია ავტორ-შემსრულებლებისთვისაც, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციის რუსეთთან კავშირზე გარკვეულ ეჭვებს გამოთქვამენ. ხელოვანები ამბობენ, რომ სიზაკს კავშირი აქვს "RAO"-თან, რაც მათ დამატებით კითხვებს უჩენთ. კულტურის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათთვის ახლა პრიორიტეტული კანონპროექტის მიღებაა, რაც ჰონორარებთან დაკავშირებულ პრობლემებს მოაგვარებს.

ის, რაზეც ხელოვანები საუბრობენ, ფაქტებით დასტურდება. მათ შორის, ინტერნეტში იძებნება 2016 წელს, სიზაკის გენერალური დირექტორის რუსეთში ვიზიტის ამსახველი ფოტომასალაც. გადი ორონი მოსკოვში სიზაკის რეგიონულ დირექტორთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც მოსკოვს, მოგვიანებით 2021 წელსაც ესტუმრა და "RAO"-ს ღონისძებაზე სიტყვითაც გამოვიდა. ეს ფაქტების არასრული ჩამონათვალია.

სიზიკის რუსეთთან კავშირზე აპელირება არასერიოზულია საავტორო უფლება ასოციაციის ხელმძღვანელისთვის. გიგა კობალაძე განმარტავს, რომ რუსეთი ავტორთა და კომპოზიტორთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი იყო, თუმცა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ის სიზაკიდან გაირიცხა. ჯისიეის ხელძღვანელი, რომლის მიმართაც არაერთი ბრალდება ისმის, ამბობს, რომ პარლამენტის მიერ შემუშავებული კანონპროექტი ხარვეზიანია და მისი ამ ფორმით მიღება არ შეიძლება.

სიზაკის მიმართ კითხვები პარლამენტშიც აქვთ, თუმცა, კულტურის კომიტეტის წევრები ამბობენ, რომ კანონპროექტს მაინც მიიღებენ. პროექტის ინიციატორების ტქმით, ცვლილებებმა ხელოვანებს საავტორო უფლებების კუთხით არსებული ხარვეზები უნდა მოუწესრიგოს.

"საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, პარლამენტი ახლა მუხლობრივი განხილვისთვის ემზადება.

დღის ამბები