გურჯაანში სტიქიამ გიორგი ჩიკვაიძეს სამი ავტომობილი სრულად გაუნადგურა. ამასთან ერთად წყალმა ავტოფარეხიც დატბორა და სახლის გასარემონტებლად შეძენილი სამშენებლო მასალებიც წაიღო.
წყალდიდობამ ამ ქუჩის თითქმის ყველა სახლი დააზიანა. დაიტბორა პირველი სართულები და განადგურდა როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ისე ავეჯის დიდი ნაწილი. გურჯაანელებს მსგავსი მასშტაბის სტიქია არ ახსოვთ.
სტიქიამ დააზიანა ინფრასტრუქტურაც. უკვე მესამე დღეა სალიკვიდაციო სამუშაოებში მძიმე ტექნიკასთან ერთად აქტიურად ასობით ადამიანია ჩართული. ნარჩენებისგან იწმინდება გზები, საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებიდან კი, წყლები იტუმბება.
მდინარე ნავთისხევის ადიდებისა და კალაპოტიდან გადმოსვლის შედეგად გურჯაანის მუნიციპალიტეტს მილიონობით ლარის ზიანი მიადგა. ზარალს სპეციალური კომისია ითვლის. საგანგებო შტაბის სამუშაო ჯგუფს ზუსტი ოდენობის დასადგენად დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.
სტიქიამ კომუნიკაციების დიდი ნაწილი დააზიანა. ბუნებრივი აირი, წყალი და ელექტროენერგია მოსახლეობას უკვე მიეწოდება. აღდგენითი პროცესი დღის ბოლოს დასრულდა.
სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლება კი, პირობას დებს რომ მოსახლეობას მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში დაეხმარება.