26 ნოემბერი 2024,   10:56
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება ბორჯომში - ვინ და რა ფორმით აპროტესტებს ზურაბ ჯაფარიძის მიერ პატრიარქზე გაკეთებულ განცხადებებს

ინდივიდუალური თავისუფლების აკადემიის ბანაკთან ხმაური დღის პირველ ნახევარში დაიწყო. მოქალაქეების ჯგუფი ზურა გირჩი ჯაფარიძის მიერ დაანონსებულ სემინარზე, ბოლო დროს მისი მხრიდან გაკეთებული განცხადებების გასაპროტესტებლად ჩავიდა. 60-მდე პირმა საღებავები და კვერცხები შენობის ეზოში ისროლა. სემინარის მონაწილეებმა პროტესტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში დილიდან გაავრცელეს.

ლექტორები, რომლებიც სემინარზე იყვნენ მიწვეულები, ამბობენ, რომ თემა პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებს ეხებოდა. მათივე განმარტებით, საგანმანათლებლო პროცესისთვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა არასწორია და მნიშვნელოვანია, მომხდარით სამართალდამცველები დაინტერესდნენ.

პროტესტის მონაწილეები კი ამბობენ, რომ დღევანდელ სემინარს განათლებასთან კავშირი არ აქვს. საზოგადოებრივი მოძრაობის - "საქართველო უპირველეს ყოვლისა" ლიდერის აზრით, ტრენინგის ერთადერთი მიზანი დესტაბილიზაცია და რევოლუციური მიზნებისთვის არასრულწლოვანების მომზადებაა. ვატო შაქარიშვილის მხრიდან მოგვიანებით კიდევ ერთი განცხადება გამოქვეყნდა, სადაც ის სემინარის მონაწილეების მიერ დაანონსებულ აქციას ეხმიანება და ამბობს, რომ დღევანდელი ლექციის თემაზე საჯარო საუბარი საზოგადოების მხრიდან კიდევ უფრო მასშტაბურ პროტესტს გამოიწვევს.

ბორჯომის ინციდენტის პარალელურად, გორში, ზურა გირჩი ჯაფარიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოგვიანებით, სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ განცხადება გაავრცელა. სოსო მაისურაძემ დაადასტურა, რომ ზურაბ ჯაფარიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მან მიაყენა. ოპოზიციური პარტიის ლიდერი უკვე გამოჰკითხეს პოლიციის განყოფილებაში. გამოძიება მიმდინარეობს 126-ე მუხლით, რომელიც ძალადობას გულისხმობს.

ბორჯომსა და გორში მომხდარ ინციდენტებს ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი გამოეხმაურა. ელჩის თქმით, ძალადობა და მიუღებელია.

გამოძიებაა დაწყებული ბორჯომში მომხდარ ინციდენტზეც. საკითხს საკუთარი მანდატის ფარგლებში, შეისწავლის სახალხო დამცველის აპარატი. ამის შესახებ ნათქვამია ლევან იოსელიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ომბუდსმენმა ძალადობის დღევანდელი ფაქტი დაგმო.

დღის ამბები