ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ორგანიზების ფაქტზე, სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მაღალჩინოსანი გიორგი უდესიანი დამნაშავედ ცნო. განაჩენით, დანაშაულის ჩადენა კიდევ ერთ პირს - ზაზა გუგავას დაუდასტურდა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის ორგანიზებით, 2009 წლის 9 ნოემბერს, ძალადობის გამოყენებით და მუქარით, რუსთაველის გამზირზე მდებარე აფთიაქიდან ბიზნესმენი მოიტაცეს, იძულებით მოათავსეს ავტომანქანაში, აღუკვეთეს თავისუფლება და მისივე ნების საწინააღმდეგოდ ზაჰესში მდებარე საბაჟო ტერმინალში გადაიყვანეს.
ბრალდებულების დანაშაულებრივი მოქმედების შედეგად კი, დაზარალებულმა მისი კუთვნილი საწარმოს 30%-იანი წილი და მის პირად საკუთრებაში არსებული, ცაგერის რაიონის სოფელ ჩქუმში მდებარე მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით, გადააფორმა ერთ-ერთი მოქალაქის სახელზე ისე, რომ სანაცვლოდ თანხა არ მიუღია.