26 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება ბორჯომში - "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრებს მოქალაქეებმა სემინარის ჩატარების უფლება არ მისცეს

ხმაური და დაპირისპირება ბორჯომში - "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრები სემინარის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა, პარტიას მოქალაქეებმა სემინარის ჩატარების უფლება არ მისცეს.

პროტესტის შემდეგ, "ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის" და "გირჩი - მეტი თავისუფლების" მიერ დაგეგმილი სემინარი ჩაიშალა.

სემინარის მონაწილეებმა გაავრცელეს ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ადამიანთა ჯგუფი ბანაკის ტერიტორიის სიახლოვეს საპროტესტო აქციას აწყობდა, მათ სასტუმროს ეზოს, სადაც სემინარის მონაწილეები იმყოფებოდნენ, ქვები  დაუშინეს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

"ჩვენ ახლა ვიმყოფებით "ლიბერალური აკადემიის მე-5 ბანაკში, ბორჯომში და გაურკვეველი წარმომავლობის დაჯგუფებები შემოგვივარდნენ. ყველა მხრიდან გვიტევენ, ხალხო, მინდა გაიაზროთ, რომ ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ ვართ. ძალადობრივი დაჯგუფებები არიან, გვესვრიან ქვებს, საღებავებს, გვაყენებენ შეურაცხყოფას, გვაგინებენ. რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან განერვიულებულები ვართ, მაქსიმალურად ვინარჩუნებთ სიმშვიდეს, არ შევდივართ მათთან არანაირ კომუნიკაციაში,"-ამბობს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი ანა ყურაშვილი.

კონსერვატიული გაერთიანების "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი ვატო შაქარაშვილი მედიასთან აცხადებს, რომ მსგავსი სემინარის ჩატარებას საქართველოს არცერთ რაიონში არ დაუშვებენ.

"ნებისმიერ რაიონში, სადაც მოინდომებენ ბავშვების წაყვანას, ჩვენი შვილების, სკოლის მოწაფეები ჰყავთ აქ და უნივერსიტეტის სტუდენტები და მათ მოწამვლას, ლიბერალური იდეოლოგიის თავს მოხვევას და იმის სწავლებს, რომ თითქოს ყველაფრის უფლება აქვთ, გინების, შეურაცხყოფის, ჩვენი ეკლესიის შეურაცხყოფის, ჩვენი პატრიარქის, კერძო პირების. თანაც ამას აკეთებენ სიტყვის თავისუფლების სახელით და უნდა იცოდნენ, რომ ნებისმიერ რაიონში, ვერც ბორჯომში გააკეთებენ ამას და ვერსად საქართველოს მასშტაბით,"- აცხადებს ვატო შაქარაშვილი.

ამასთან, "საქართველო უპირველეს ყოვლისას" წევრებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ დესტრუქციულ ძალებს, ეკლესიის მტრებს და ქვეყნის არევის მსურველებს, არ მისცემენ საშუალებას ახალგაზრდები საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ განაწყონ.
დღის ამბები