ცხოველის წამება და მის მიმართ განხორციელებული სასტიკი მოპყრობა - წალკაში მიუსაფარ ძაღლზე ძალადობის შემზარავი ფაქტი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ჩანაწერში ჩანს, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მიუსაფარ ძაღლს იარაღს ჯერ ავტომობილიდან, შემდეგ კი ახლო მანძილიდან ესვრის და კლავს, მამაკაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. გოგიტა ზოიძეს ბრალი ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის მუხლით წარუდგინეს.
წალკაში ბრალდებულის ოჯახში დღეს "კურიერთან" საუბარი არ ისურვეს. ადგილზე, სადაც ცხოველს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს, საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა. პოლიციამ ამოიღო ფაქტის ამსახველი ვიდეომასალაც. დაკავებულის ახლობლები და ადგილობრივები მიუსაფარი ძაღლის სასტიკ მკვლელობაში პრობლემას ვერ ხედავენ.
წალკაში მომხდარი დანაშაული ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ერთადერთი შემთხვევა არ არის. შესაბამისი ორგანოები იკვლევენ სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ კადრებსაც, სადაც ჯერჯერობით დაუდგენელი პირები კნუტებს ნაჯახით კლავენ და თან მომხდარით კმაყოფილებას ვერ მალავენ.
ცხოველებზე ძალადობის გახშირებული ფაქტების გამო უფლებადამცველები კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვენ. სოლიდარობის მიზნით, საზოგადოების ნაწილი კვირას რუსთაველის გამზირზე სიმბოლურ შეკრებასაც გეგმავს.
შესაბამის ცვლილებებს უკვე ამზადებს პარლამენტიც. ოპოზიციაში აღსრულების მექანიზმების გააქტიურებაზე საუბრობენ, მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ უკვე მუშაობენ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც დანაშაულის პრევენციას და სასჯელის გამკაცრებას გულისხმობს.
ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე სასჯელი უახლოეს მომავალში გამკაცრდება. კონკრეტული სანქციებს პარლამენტი სისხლის სამართლის კოდექსში განსაზღვრავს.