26 ნოემბერი 2024,   11:00
ვრცლად
ტრეფიკინგის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, საქართველო ისევ პირველ კალათაშია - ამავე კალათაშია 30 ქვეყანა მათ შორის ევროპის წამყვანი დემოკრატიები

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშში ტრეფიკინგის შესახებ, საქართველო ისევ პირველ კალათაშია, რაც ნიშნავს იმას, რომ მთავრობა სრულად აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს, ტრეფიკინგის დასამარცხებლად. ანგარიშში წერია, რომ პანდემიის გავლენის გათვალისწინებით, მთავრობა სერიოზული ძალისხმევის დემონსტრირებას განაგრძობდა და პირველ კალათაში დარჩა. დეპარტამენტი აღწერს იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოში ტრეფიკინგის დასამარცხებლად გადაიდგა.

ანგარიშში სახდეპი რამდენიმე რეკომენდაციასაც იძლევა. მათ შორისაა - ტრეფიკინგში დამნაშავეთა გასამართლების, კომერციულ სექსში ჩართული მსხვერპლის უფრო აქტიურად გამოვლენის და გამოძიებაში ჩასართავად მსხვერპლთა წახალისების შესახებ. ასევე, სამართალდამცველი ორგანოების შესაძლებლობათა გაუმჯობესებაზე, რთული საქმეების გამოსაძიებლად. მათ შორის ფულის გათეთრების, ორგანიზებული დანაშაულისა და ციფრული მტკიცებულებების საკითხებში, ტრენინგების გასაუმჯობესებლად. ნათქვამია, რომ გაზრდილია მსხვერპლთა დაცვის ძალისხმევა.

ტრეფიკინგის შესახებ ანგარიშის პირველ კალათაში 30 ქვეყანაა. მათ შორის, ევროპის წამყვანი დემოკრატიები - გერმანია, ავსტრია, ბელგია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი, შვედეთი, ლუქსემბურგი, ფინეთი, ესტონეთი, დანია. ასევე შეერთებული შტატები, ავსტრალია და კანადა. რამდენიმე ევროპული დემოკრატია მოხვდა მეორე კალათაში, რომელში შესული სახელმწიფოები, მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ. ჩამონათვალშია შვეიცარია და ნორვეგია. ასევ ირლანდია, პორტუგალია, უნგრეთი, ლატვია, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა და თურქეთი.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, უკანასკნელი 5 წლის კვლევებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ საქართველოში ტრეფიკინგში ჩართულები ადგილობრივ და უცხოელ მოქალაქეებს ქირაობენ მაღალ ანაზღაურებაზე ყალბი დაპირებებით, ჩაის პლანტაციებში, ჰოსპიტლებში, სალონებში, რესტორნებსა და სასტუმროებში სამუშაოდ. სექს ტრეფიკინგში რთავენ ქალებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე კვიპროსში, ეგვიპტეში, თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. შუა აზიელი ქალებისთვის საქართველო თურქეთისკენ ტრანზიტია. უზბეკეთიდან და ყირგიზეთიდან კი ქალები აჭარის საუნებში, საროსკიპოებში, სტრიპ კლუბებში და ბარებში სამუშაოდ ხვდებიან. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს და უცხო ქვეყნების მოქალაქეებს თანაბარი მომსახურება ჰქონდათ და უცხოელ მსხვერპლს განახლებადი ერთწლიანი საცხოვრებელი და სამუშაო უფლებებიც მისცეს.

2023 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ 11 ქვეყნის სახელმწიფოს ადამიანთა ვაჭრობის დოკუმენტირებული პოლიტიკა ან სქემა აქვს, რაც მოიცავს ტრეფიკინგს სამთავრობო დაფინანსებით - იძულებით შრომას მთავრობასთან აფილირებულ სამედიცინო დაწესებულებებში, სექსუალურ მონობას სამთავრობო ბანაკებში და ბავშვების ჯარისკაცებად დასაქმებას და დაქირავებას. ამ ქვეყნების რიცხვშია რუსეთი, ავღანეთი, სირია, კუბა, ირანი, ჩინეთი, ბირმა, ჩრდილოეთ კორეა, სამხრეთ სუდანი და თურქმენეთი.

დღის ამბები