26 ნოემბერი 2024,   11:00
ვრცლად
ლიეტუველი ევროპარლამენტარის მორიგი შეტევა "ქართულ ოცნებაზე"- რა შეფასებები კეთდება რასა იუკნევიჩიენეს განცხადებაზე

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ რასას იმიტომ, რომ როცა ჩვენ ვამბობთ - ასეთი სულელური არჩევანის წინაშე გვაყენებენ რიგი ადამიანები-მეთქი, ამაზე გვაკრიტიკებენ ხოლმე, ახლა თვალნათლივ, ხელის გულზე გამოჩნდა, როგორ ალტერნატივებს გვთავაზობენ ისინი,"- ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ამ განცხადებით, ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს უპასუხა.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, ევროდეპუტატი პირველი არ არის, რომელიც ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას კონკრეტული ალტერნატივის სანაცვლოდ ელოდება. საუბარია ევროპარლამენტარის მიერ ერთ-ერთი ქართული არხისთვის მიცემულ ინტერვიუზე, სადაც რასა იუკნევიჩიენე "დეოლიგარქიზაციის" კანონის კონტექსტში ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევანი უნდა გააკეთოს ბიძინა ივანიშვილსა და ევროკავშირს შორის.

ინტერვიუს ამ ნაწილის საპასუხოდ ევროპელ კოლეგას დღეს შეახსენს, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წასულია. 2012 წლის შემდეგ კი სწორედ ”ქართული ოცნების” დამფუძნებლის და მისი გუნდის მიერ გადაიდგა ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

ივანიშვილის მნიშვნელოვან ფაქტორზე საუბრობენ ოპოზიციაშიც, თუმცა რასა იუკნევიჩიენეს პოზიციას არ იზიარებენ. პოლიტიკურ პარტიებში მიაჩნიათ, რომ ვერცერთი ადამიანი ვერ იქნება ქვეყნის არჩევანის საპირწონე, რადგან ევროინტეგრაცია არა რომელიმე პოლიტიკური ძალის, არამედ საზოგადოების სურვილია.

რასა იუკნევიჩიენეს განცხადება მმართველ გუნდის ნაწილმა ევროპარლამენტის ერთი დეპუტატის მოსაზრებად შეაფასა. სწორედ ამიტომ, საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ინდივიდუალური დამოკიდებულებები სახელმძღვანელო ვერ იქნება.

მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსს ეს, დაახლოებით, 6 თვეში გახდება ცნობილი. წლის ბოლო - სწორედ ეს ვადაა დასახელებული საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად.

დღის ამბები