გორში, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული თარაშ კანდელაკი სასამართლომ ძალადობაში დამნაშავედ ცნო, ხოლო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ნაწილში გაამართლა. მას მიესაჯა 8 თვით და 25 დღით პატიმრობა, რაც მსჯავრდებულს ციხეში უკვე მოხდილი აქვს, შესაბამისად, ის თავისუფალია.
გორის რაიონული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა დაღუპულის ოჯახი. დაღუპულის დედის შეფასებით, საგამოძიებო პროცესი არასწორად წარმიმართა.
"არასწორად წარიმართა, ყველაფერი გააყალბეს... 18 წლის ბავშვი მოკლა და ხულიგნობას ეძახიან. განვაგრძობთ ბრძოლას, სანამ სამართალს არ ვნახავთ," - განაცხადა ლია საბიაშვილმა "კურიერთან" საუბრისას.
თარაშ კანდელაკის სასამართლო პროცესი მესამე წელია მიმდინარეობს. მას გამოძიება ედავებოდა ერეკლე თედლიაშვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას. 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი სამთვიანი მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.