26 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს უკრაინას, ქართველი ხალხი კი მხარს უჭერს უკრაინისადმი საქართველოს მთავრობის პოლიტიკას - გასაკვირია, რომ ჩვენი პოლიტიკა კრიტიკის საგანი გახდა

ქართველებს სხვებზე უკეთ გვესმის, თუ რას გრძნობენ და ფიქრობენ უკრაინელები. ამიტომ რუსეთის მიერ უკრაინაში სასტიკი შეჭრისთანავე, საქართველოს პოლიტიკა ყურადღების ცენტრში მოექცა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი Civil.ge-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს.

შალვა პაპუაშვილი ვრცელ წერილში მიმოიხილავს საქართველოს როლს რეგიონში, რუსეთის აგრესიას და საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულებას საქართველოსთან მიმართებაში.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს უკრაინას და გასაკვირია, რომ საქართველოს პოლიტიკა კრიტიკის საგანი გახდა.

მისივე თქმით, ქართველებს სხვებზე უკეთ გვესმის, თუ რას გრძნობენ და ფიქრობენ უკრაინელები, რადგან საქართველო გაცილებით ადრე გახდა რუსეთის მსხვერპლი.

"ბრატისლავაში გამართულ GLOBSEC-ის უკანასკნელ კონფერენციაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრად გახდომის სურვილი იყო. ამ კომენტარმა მღელვარება და ბევრი არასწორი და მიზანმიმართულად დამახინჯებული ინტერპრეტაცია გამოიწვია იმის მიუხედავად, რომ მეორე დღეს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაიმეორა, რომ „ჩვენს ისტორიაში პირველად, ქვეყანაზე თავდასხმა მოხდა იმის გამო, რომ მას სურს, გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი“. როდესაც საქმე რუსულ აგრესიას, რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს ეხება, საქართველოს თავისი სიტყვა ეთქმის და ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები ყურადსაღები უნდა იყოს, როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, ისე ოპონენტებისთვის. უკრაინამდე იყო საქართველო. შესაბამისად, ქართველებს სხვებზე უკეთ გვესმის, თუ რას გრძნობენ და ფიქრობენ უკრაინელები. ამიტომ რუსეთის მიერ უკრაინაში სასტიკი შეჭრისთანავე, საქართველოს პოლიტიკა ყურადღების ცენტრში მოექცა. საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს უკრაინას, ქართველი ხალხი კი მხარს უჭერს უკრაინისადმი საქართველოს მთავრობის პოლიტიკას. ამის მიუხედავად, გასაკვირია, რომ საქართველოს პოლიტიკა კრიტიკის საგანი გახდა. ჩვენთვის ეს კრიტიკა მიუღებელია რამდენიმე მიზეზის გამო," - წერს პაპუაშვილი წერილში.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირთან და ნატო-სთან ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად არაერთი მცდელობისა საქართველო კვლავ ელის ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, ამ წლების განმავლობაში, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა რუსეთის საპასუხო რეაქციის რეალური საფრთხის მიუხედავად, ნატოსა და ევროკავშირის წევრი გამხდარიყო.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ევროკავშირთან დაკავშირებული ისტორია უფრო მეტად წარმატებულია, რადგან „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, საქართველომ ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა.

"იმის მიუხედავად, რომ საქართველო ნატო-სთან სრულად თავსებადი გახდა, დემოკრატიული ინსტიტუტები ნატოში გაწევრიანებისთვის საჭირო სტანდარტებზე მეტად განავითარა და კონსტიტუციაში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია განამტკიცა, 2008 წლის აპრილის ნატოს ბუქარესტის სამიტზე ალიანსში საქართველოს მიღების მზაობაზე გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველო ამ დრომდე მხოლოდ მოლოდინის რეჟიმშია. ევროკავშირთან დაკავშირებული ისტორია უფრო მეტად წარმატებული იყო. "ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, ასევე, მიაღწია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველოს წარმატებული დემოკრატიული ტრანსფორმაციის შედეგად, ქვეყანა გახდა გამოკვეთილი ლიდერი ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში, რასაც სხვა მაგალითებთან ერთად, ნათლად ადასტურებს ევროკომისიის 2023 წლის ანალიტიკური ანგარიში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს შესაბამისობის თაობაზე. თუმცა, როდესაც გასულ წელს საჭირო იყო რეალური გადაწყვეტილების მიღება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა უკან დაიხია და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის სანაცვლოდ, მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მოგვანიჭა", - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

დღის ამბები